მიწისძვრა ავღანეთში

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

ქუჩაში გამოსული ხალხი ავღანეთის ქალაქ ჰერათში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერი. 
Reuters

დღეს, 7 ოქტომბერს დასავლეთ ავღანეთში აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის  (USGS) ინფორმაციით 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კატასტროფების მართვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის, მულა ჯან საიექის თქმით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ მხოლოდ  ჰერათის პროვინციის ზინდა ჯანის რაიონიდან გავრცელდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თქმით, რყევები ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთითაც გავრცელდა. 

ამასთან, ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის თქმით, მიწისძვრამ დასავლეთ ავღანეთში ფარაჰის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბადგისის პროვინციებში არსებული სახლებიც დააზიანა. 

ავღანეთის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლის, ერფანოლა შარაფზოის თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და მოხალისეები ჰერათში წასასვლელად და დაზარალებულთა დასახმარებლად ემზადებიან.

ადგილობრივის თქმით, ჰერათში მომხდარმა მიწისძვრამ პანიკა და არეულობა გამოიწვია.

"ხალხმა დატოვა სახლები, ჩვენ ყველანი ქუჩებში ვართ." - წერს ნასიემა Reuters-ს. 

კომენტარები