მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რუსეთი სომხეთთან ყარაბაღიდან სამშვიდობოების გაყვანის თარიღს განიხილავს – რუსული მედია

რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში 
AFP / Эхо Кавказа

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მთიანი ყარაბაღიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის თარიღის განხილვის მიზნით ერევანს დღეს, 6 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

"დღეს ერევანს ეწვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია. სომხურ მხარესთან შეხვედრაზე განიხილება მთიანი ყარაბაღიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის კონკრეტული თარიღები". - წერს TACC-ი.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი დეკლარაციის საფუძველზეა განთავსებული. დეკლარაციის თანახმად, რუსი სამშვიდობოების რეგიონში ყოფნის დრო 5 წლის ვადითაა განსაზღვრული. ხელშეკრულების ეს დებულება ძალაშია მანამ, სანამ რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მისი შეწყვეტის სურვილს არ გამოთქვამს. 


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები