თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს.
განკარგულების მიხედვით, მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსული კონტინგენტის შუამავლობით, მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაადგილება ყარაბაღის მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის სამხედროებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს.
ე.წ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით:
1. "2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას.
2. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ."
19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს.
აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.
სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.
20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას და სეპარატისტები დანებდნენ.