მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებს ასრულებენ და სეპარატისტები დანებდნენ

აზერბაიჯანელი სამხედროები ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2020 წლის 10 დეკემბერი
Aljazeera

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას და სეპარატისტები დანებდნენ.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ყარაბაღელ სომეხთა მოსახლეობის წარმომადგენლობის მიმართვა, რომლის გათვალისწინებითაც, მიაღწიეს შეთანხმებას "ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შეჩერების შესახებ".

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, პირობები შემდეგია:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რაიონში განლაგებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებსა და სამხედრო პოსტებს და სრულად განიარაღდებიან. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დატოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაიშლებიან;

2. პარალელურად, ჩააბარებენ ყველა შეიარაღებასა და მძიმე ტექნიკას;

3. ზემოხსენებული პროცესების რეალიზაციის უზრუნველყოფილია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან კოორდინაციით.

ინფორმაციას ავრცელებს სომეხი სეპარატისტების მედიაც.

21 სექტემბერს ქალაქ ევლახში გაიმართება შეხვედრა, სადაც ისაუბრებენ ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნება ბაქოს მიერ წამოყენებული რეინტეგრაციის საკითხი, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში მათი საარსებო წყაროს უზრუნველყოფა.

აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოპერაციას "მიუღებელი სამხედრო მოქმედებები" უწოდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მათი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები