რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვის ოლქში რუსეთის საჰაერო დარტყმებს, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონში, სოფელი გროზას დაბომბვას, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა, 7 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ.

სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა საჰაერო ძალებმა დაბომბეს კაფე და მაღაზია, სადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც იერიშს საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული უწოდა.

"საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამჟამინდელი მონაცემებით, ცნობილია 49-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი, ვუპასუხებთ, აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, აქციოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში". - წერს ზელენსკი.

კომენტარები