სამირა ბაირამოვა

ბაირამოვა: კარზე ჯვარი დამიხატეს, კედელზე აგვისტოს ომის ლოგოს ადგილას - რუსეთის დროშა

სამირა ბაირამოვა

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საცხოვრებელი ბინის კარზე უცნობმა პირებმა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო, ჯვარი დახატეს, ხოლო კედელზე - რუსეთის დროშა. ინფორმაციას სამირა ბაირამოვა facebook-სა და X-ზე ავრცელებს. 

"არ ვიცი, რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება, დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხვდი, რა არის და ასეთი ამბები დამხვდა. თქვე იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ არაკულტურობა და არაჰუმანურობაა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მიშლის არცერთი რელიგიური სიმბოლიკა.

შინ ევროპისკენ-ის და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, შეღებეს. დროშის ადგილზე კი გახსოვდეს აგვისტოს ომის ლოგო. ეს მოიპარეს თუ რა ქნეს, არ ვიცი. არადა, მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დაცულად და მშვენიურად ვგრძნობდი თავს " - წერს სამირა ბაირამოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

"თქვენ გააგრძელეთ მოძალადების დამალვა და მხარდაჭერა" - აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.

როგორც ტაბულას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, მომხდართან დაკავშირბით გამომძიებელი უკვე დაუკავშირდა სამირა ბაირამოვას და გამოკითხვაზე დაიბარა.


2022 წლის მარტში სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა მის მიერ გამოხატული პროტესტის გამო ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა. მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და აცხადებს, რომ "სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს".

საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს:

  • გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად;
  • გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი;
  • დროულად გამოიძიოს მუქარის შემცველი ყველა ეპიზოდი და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები.

14 მარტს, მარნეულში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. ამას ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

კომენტარები