სამირა ბაირამოვა

საია: სამირა ბაირამოვას მიმართ ალტ-ინფოს მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა მის მიერ გამოხატული პროტესტის გამო ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა. მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და აცხადებს, რომ "სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს".

საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს:

  • გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად;
  • გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი;
  • დროულად გამოიძიოს მუქარის შემცველი ყველა ეპიზოდი და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები.

14 მარტს, მარნეულში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - კონსრვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. ამას ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

"ვიდეომიმართვაში ძალადობრივი ჯგუფი პარტიის სიმბოლიკის გადაღებვას, რელიგიური სიმბოლოს - ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩენს, რითაც ცდილობს პრორუსული პარტიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ქრისტიანულ რელიგიასთან დაპირისპირების სახე მისცეს. პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია" - აცხადებს საია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, საიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ალტ-ინფოს მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა. 

კომენტარები