ე.წ. გადატრიალების საქმე

CANVAS საქართველოს დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი, გიორგი მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას მელაძე თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოკითხვა დღეს, 4 ოქტომბერს, სასამართლოში შედგება.

"საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია!". - წერს გიორგი მელაძე Facebook-ზე.

2 ოქტომბერს CANVAS - საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ბრალდებებს გამოეხმაურა და გაავრცელა განცხადება, სადაც სუს-ის ქმედებებს ზეწოლად აფასებს. მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები CANVAS-ის ხელმძღვანელს, გიორგი მელაძეს წარსულშიც დამუქრებიან. 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის 29 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

სუს-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS საქართველო, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი წარმოადგენს.

იმავე დღეს, ორგანიზაცია CANVAS - საქართველოს დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სერბეთის მოქალაქეები - სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS საქართველოს წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

კომენტარები