ე.წ. გადატრიალების საქმე

ინფორმაცია გვქონდა სანდო წყაროდან მოპოვებული — სუს-ის უფროსი ტრენინგზე

იმედი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მათ წინასწარ ჰქონდათ ოფიციალურ საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია იმ თემებზე, რაზეც 26-29 სექტემბერს USAID-ის პროგრამის ფარგლებში თბილისში CANVAS-ის სერბ წარმომადგენლებ ტრენინგი უნდა ჩაეტარებინათ.

"ინფორმაცია გვქონდა და მაგას გეუბნებით. როგორ აბა, წინასწარმეტყველების ნიჭი გაგვაჩნია? მაშინ ჩვენი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ ეს პირები ჩამოსულები რომ იყვნენ? ესეიგი ჩვენ წინასწამეტყველური ნიჭით აღვიჭურვეთ და ვიწინასწარმეტყველეთ რამდენიმე დღეში რა თემაზე იქნებოდა ტრენინგი? ანუ, ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო სანდო წყაროდან, რომელიც ოფიციაულურ საფუძველზე იყო მოპოვებული, როგორ წარმოგიდგენიათ ამას თქვენთან საკამათოს გავხდიდითი ბრიფინგიდან რომ გამოვაცხადეთ?". - ამბობს ლილუაშვილი.

29 სექტემბრიდან სუს-მა ტრენერების, CANVAS-ის ხელმძღვანელებისა და ტრენინგის მონაწილეების გამოკითხვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული ტრენინგი კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი, ლილუაშვილის თქმით "რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია".

"მე არაფერს ვამტკიცებ, ამას დაამტკიცებს გამოძიება, თუ დაამტკიცებს და მათი ბრალეულობის შესახებ შეიძლება იმსჯელოს სასამართლომ. იცით რა, რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები, ასე შემდეგ. მწერალიც შეიძლება, თუმცა მწერალიც გასარკვევია, ვინ რას წერს, ვინ მწერალია, ვინ პოეტი, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი გინახავთ რამე პროფესიას ამთავრებდეს? ან რისკიანი სპეციალობების ხალხი იყვნენ რევოლუციის მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის მქონე ადამიანები არ არიან, ეს არის აბსურდული სიგიჟე, ამის მტკიცება. ჩვენ საუბარი გვქონდა - 18 სექტემბერს იყო პირველი ბრიფინგი სუს-ის მხრიდან, სადაც ჩვენ მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო სცენარის შესახებ, სადაც სცენარის ერთ ნაწილში მოიაზრებოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდა ჯგუფების დატრენინგება. ერთი კვირის თავზე, 25 რიცხვში ეს რეალობაში, სისრულეში მოიყვანეს ზუსტად იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა". - ამბობს სუს-ის ხელმძღვანელი.

ლილუაშვილი ასევე ამბობს, რომ გამოკითხულებიდან  "ვერავინ შეძლო ამ ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება,რადგან, მიუხედავად ამ მცირე ნაწილისა - 8-წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა არის 8-9 საათიანი, რომლის ფიზიკურად ჩვენება წარმოუდგენელია".


18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”. სხვა ჯგუფებთან ერთად სუს-მა მთავარ ორგანიზატორად დაასახელა ორგანიზაცია CANVAS, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრებს არაძალადობრივი საპროტესტო სტრატეგიების შემუშავებაში უტარებს ტრენინგებს. ორგანიზაციის ქართული ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი მელაძე იმავე დღეს გამოეხმაურა განცხადებას და ბრალდებები უარყო. 

26-29 სექტემბერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში თბილისში CANVAS-ის სერბმა წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის 3-დღიანი ტრენინგი ჩაატარეს “სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის” საკითხებში, რისი სარეგისტრაციო ბმულიც საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. CANVAS-საქართველოს წარმომადგენლის, ნინი გოგიბერიძის თქმით, ეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული რიგით მე-4 ტრენინგი იყო ბოლო ორ წელში. გოგიბერიძე, რომელიც ტრენინგის ლოჯისტიკურ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი, ამბობს, რომ CANVAS-ის პასუხისმგებლობა მხოლოდ ტრენერების ჩამოყვანა იყო, ხოლო მონაწილეებს თავად USAID-ის წარმომადგენლები არჩევდნენ. 

კომენტარები