ე.წ. გადატრიალების საქმე

ვაწაძე: სუს-ი ტრენინგზე დასწრების მიზეზით დაკითხვაზე მიბარებს

წყარო: პირადი Facebook-გვერდიდან.

ე.წ  "გადატრიალების" საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯგუფის ბულიონის წევრი, ნატალია ვაწაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ვაწაძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაკითხვაზე დაბარების მიზეზი ტრენინგზე დასწრებაა.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიბარებს დაკითხვაზე. მიზეზი ტრენინგზე დასწრებაა, სადაც ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმებს, დავდგით პერფორმანსები და გავიგეთ, როგორ უნდა მივიტანოთ ჩვენი კულტურის სფეროს სათქმელი საზოგადოებასთან. სულ ეს იყო. ახლა მაინტერესებს, რამდენი წელია სახელმწიფოს არ გამოუვლენია აგენტი. ფარცხალაძე დაიკითხა?". - წერს ვაწაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

მათი თქმით,  ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები 4 დღის განმავლობაში თბილისში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება”.

კომენტარები