უკრაინა-პოლონეთი

დუდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე: მორავიეცკის სიტყვები არასწორად აღიქვით

21 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, სანაცვლოდ პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებაზე გაამახვილებს. 

პრემიერმინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. ინტერვიუში ტელეარხ TVN24-თან ქვეყნის პირველმა პირმა ასე ილაპარაკა:

"პრემიერმინისტრის სიტყვები ძალიან არასწორად აღიქვით. ჩემი აზრით, პრემიერმინისტრმა იგულისხმა: ჩვენ არ ვაპირებთ, უკრაინას მივცეთ ახალი იარაღი, ის იარაღი, რომელსაც ახლა პოლონური ჯარისთვის ვყიდულობთ".

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახლო მომავალში პოლონეთი კონტრაქტის საფუძველზე უკრაინას Krab-ის სისტემის საარტილერიო დანადგარებს და ჭურვებს მიაწვდის. დუდა არ გამორიცხავს, რომ ახალი იარაღის შეძენის შემდეგ, ძველი უკრაინას გადასცენ.

ომის დაწყებიდან დღემდე პოლონეთმა უკრაინას 3 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა. 

უკრაინასა და პოლონეთს ურთიერთობა მარცვლეულის ემბარგოს გამო ბოლო რამდენიმე თვეა დაეძაბათ

კომენტარები