ოკუპირებული აფხაზეთი

ბელარუსისგან დე ფაქტოდ ეკონომიკურ აღიარებას მივაღწიეთ –​​​​​​​ არძინბა

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა, რომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. ბელარუსული მხარე ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

როგორც აფხაზური პრესა აღნიშნავს, არძინბამ ლუკაშენკოს გადაწყვეტილება ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრისა და ბიჭვინთის დე ფაქტო ადმინისტრაციებს გააცნო.

"დე ფაქტოდ ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს. როგორ განვითარდება ბელარუსთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობის ტრაექტორია დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას". - თქვა არძინბამ.

ამავდროულად, ინალ არძინბას თქმით, ბელარუსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარების შემდეგ, "აფხაზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს" შექმნაც იგეგმება.


გასული წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ასლან ბჟანიას შეხვდა.

28 სექტემბრის შეხვედრისას ლუკაშენკო ამბობდა, რომ "აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლიან" და ის "არ უნდა მიატოვონ". ის ასევე აღნიშნავდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურდა.

მიმდინარე წლის 21 თებერვალს კი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

როგორც ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

კომენტარები