ოკუპირებული აფხაზეთი

ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, ბიჭვინთაში ბჟანიას შეხვდა

ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ასლან ბჟანიას შეხვედრა ბიჭვინთაში

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. ინფორმაციას ბჟანიას ვებგვერდი ავრცელებს.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლიან" და ის "არ უნდა მიატოვონ".

"გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩთან (პუტინთან) განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემებს, გვიანობამდე. ის აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეში ძალიან ჩართულია. მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლიან, ვერანაირი სანქცია ვერ შეძლებს ამას, ხოლო აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ და დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მხარემ, ხალხმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ნორმალურად იცხოვრონ". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, მისი ვიზიტი არ უკავშირდება რაიმე განსაკუთრებულ სიტუაციას.

"ჩვენ ნორმალური სიტუაცია გვაქვს. არანაირი გეოპოლიტიკა არ გვაწუხებს. ჩვენ, უბრალოდ, როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს შეთანხმებულად ცხოვრება. ეკონომიკა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები კი უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობის ფუნდამენტი. სხვა არაფერია საჭირო". – თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

"მე გამოცდილი კაცი ვარ, ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ. დავილაპარაკოთ, დავფიქრდეთ, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას. მთავარია, რომ აქ ხალხმა ღირსეულად იცხოვროს, რადგან ეს პატარა სამოთხეა, აქაური ხალხი კი წმინდა. ეს მე ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ გვინდა გავდოთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობა". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს აზრით, დღევანდელი მსოფლიო სიტუაციიდან გამომდინარე, "მეგობრებთან" ურთიერთობა უნდა გაამტკიცონ.

"რუსეთი მზადაა მხარში ამოსადგომად. ალბათ, მოვიდა დრო. დღეს ჩვენ, ისე როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორი გახდა სამყარო. ჩვენ წყნაარად ცხოვრებას არ გვაცდიან. ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამტკიცოთ". – დაამატა ლუკაშენკომ.

კომენტარები