სტიქია გურიაში

პრემიერი: ვისაც გურიაში სახლი დაენგრა, ან საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ახალი სახლი ექნება

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გურიაში, ვისაც სტიქიის შედეგად სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება, ყველა ასეთი მოქალაქე ახალი სახლით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს სახლები დაუზიანდა - ბევრს დაენგრა და ამ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, იქ ცხოვრება არ შეიძლება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება - ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და სახლებს თავად შეიძენენ. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყვეელაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ". - თქვა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტყდა ხეები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.  სტიქიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. მათგან 2 არასრულწლოვანი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას 105 ოჯახი დაექვემდებარა.

კომენტარები