სტიქია გურიაში

ღარიბაშვილი: გურიის სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.

Facebook post/Guria times • გურია თაიმსი

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გურიის სტიქიის ზონაზე ამ ეტაპზე არსებული სიტუაციის შესახებ ილაპარაკა. ღარიბაშვილის თქმით, ოზურგეთის რაიონში სტიქიის 22, ხოლო ლანჩხუთში 15 კერა იყო.

“ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანის გადაადგილებაზე შეზღუდვა. სტიქიის დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგებმა შეამოწმეს 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

პრემიერმა განსახლებულ ოჯახებს თხოვნით მიმართა, რომ დაექვემდებარონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. მან აღნიშნა, რომ ამ ოჯახების განსახლება მათივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

შეგახსენებთ, აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.  სტიქიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. მათგან 2 არასრულწლოვანია. 

კომენტარები