ლაჩინის დერეფანი

აშშ მთიან ყარაბაღში სომხების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას არ მოითმენს – სახდეპი

აზერბაიჯანელი სამხედროები ლაჩინის დერეფანთან
ნიკიტა ნოვაკი

აშშ-ს სახელმწიფოს მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, იური კიმმა აღნიშნა, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს ეთნიკურ წმენდას ან სხვა სისასტიკეს მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ".

"ჩვენ ღრმად ვწუხვართ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებისა და იმ შედეგის გამო, რომელიც მოჰყვა მას მთიანი ყარაბაღის ხალხისათვის. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ გამოსავალს არ ვიპოვით". - განაცხადა იური კიმმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ ყოველთვის მოითხოვდა ლაჩინის დერეფნის გახსნას კომერციული, ჰუმანიტარული და კერძო ტრანსპორტისათვის. კიმის თქმითვე, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეს გზავნილი მიაწოდეს, როგორც საჯარო გამოსვლებში, ისევე სხვადასხვა საკითხზე გამართულ პირად საუბრებში.

"სახელმწიფოს მდივანი, უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებებში, მე და სხვა კოლეგები აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა მივაღწიოთ ლაჩინის დერეფნისა და სხვა მარშრუტების მყისიერ გახსნასა და უწყვეტ მუშაობას. პრეზიდენტმა ალიევმა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმაც საჯაროდ განაცხადეს, რომ მზად არიან, მიიღონ ეს შეთანხმება, რომელიც აღარ უნდა გადაიდოს". - თქვა კიმმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მოლაპარაკების განმავლობაში ყოველთვის უსვამდნენ ხაზს, რომ ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკურად სომხების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს და რომ ეს არის მყარი და ღირსეული მშვიდობიანი შეთანხმების მთავარი კომპონენტი.

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს სომხებისადმი ეთნიკური წმენდის ან სხვა დანაშაულების ჩადენის არანაირ მცდელობას მთიან ყარაბაღში, იქნება ეს მოკლე თუ გრძელ ვადაში". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. 

იური კიმმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა უნდა გააღრმავოს სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობა და გაზარდოს ქვეყნის განვითარებისათვის გაწეული დახმარების დონე.

კომენტარები