ლაჩინის დერეფანი

PACE-მა ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
Frederick Florin/Agence France-Presse — Getty Images

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 22 ივნისს გამართულ პლენარულ სესიაზე 2-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ლაჩინის დერეფანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელიც ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილებისა და საქონლის გადაზიდვის შეფერხებას აღიარებს, მხარი ასამბლეის 48 წარმომადგენელმა დაუჭირა. PACE-ი მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეასრულოს გასული წლის დეკემბერში მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილება. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები განიხილავენ, ლაჩინის დერეფანსა და მთიან ყარაბაღში ევროპის საბჭოს დელეგაციის მიწვევის შესაძლებლობას, რათა მოხდეს ფაქტების გადამოწმება. 

რეზოლუციის ავტორი ირლანდიელი დეპუტატი, პოლ გავანია. 

"20 წუთის წინ ლაჩინის დერეფანში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ახალი ამბავი შემატყობინეს. მათ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა გზის ორივე მხარეს ბარიერები დაამონტაჟა, რის შედეგადაც ავტომობილების მოძრაობა შეუძლებელი გახდა. ძალიან მძიმეა, რომ ამ ამბავს დღეს ვიგებთ, როცა ჩვენ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ". - აღნიშნა შეხვედრაზე გავანმა, რომელსაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენება ჰქონდა.


ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები