ენმ

იქნება ერთგვარი სათათბირო, საბჭო – ენმ "ნაციონალური კომიტეტის" შექმნას განიხილავს

ერთიანი ნაციონალური მოძრობა "ნაციონალური კომიტეტის" შექმნას განიხილავს, რომლიც თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება. 

პარტიის ერთერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ადასტურებს, რომ "მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა" იდეაზე, რაც გულისხმობს პარტიის გარშემო "საბჭოს, პლატფორმის შექმნას". ბეჟაშვილის თქმით, ეს ენმ-ს მისცემს საშუალებას, "მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ვინც ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოს შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას". მისი შეფასებით, ეს გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"იქნება ერთგვარი რაღაც სათათბირო, საბჭო, რომელშიც მოხდება ყველა აქტუალური საკითხის განხილვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაც" - ამბობს ბეჟაშვილი და აღნიშნავს, რომ "არანაირი მმართველობითი ფუნქციების ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში“.

კითხვაზე, საბჭოში მოიაზრებიან თუ არა კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშვილი და ნიკა მელია, ლევან ბეჟაშვილი პასუხობს - "მათ შორის... მათ შორის, ეს დასახელებული გვარებიც და ბუნებრივია, სხვა გვარებიც“. ბეჟაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს ნიკა მელიასთან და კობა ნაყოფიასთან.


TV პირველმა სექტემბრის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მმართველი საბჭოს ჩამოყალიბების ინიციატივა აქვს - მისი აზრით, სწორედ "მმართველმა ბორდმა" უნდა მართოს პროცესები პარტიაში. TV პირველთან საუბარშივე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ გიგი უგულავას ინიციატივა ექსპრეზიდენტს მოსწონს.

"ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ამას ექნება სამდივნოს ფორმა თუ რაიმე რაიმე სხვა სახელი ექნება" - ამბობს ჯაფარიძე TV პირველთან.

6 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით თქვა, რომ პარტიის შიგნით არანაირი ბორდი არ შეიქმნება.

"ეს არის გამორიცხული და თქვენც, დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ინფორმაცია გექნებათ და მიიღებთ თუნდაც გიგი უგულავასგან." - თქვა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ გიგი უგულავა არა ენმ-ის წევრი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის თქმით კი, "გიგი უგულავას მხრიდან ეს ინიციატივა დაფიქსირდა, რომ შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გარკვეული პოლიტიკური საბჭო, რომელიც საერთო ოპოზიციურ სტრატეგიას განსაზღვრავს". ბეჟაშვილი ამბობს, რომ "ინიციატივა ჩვენი მხრიდანაც გაჟღერდა, მისასალმებელია. ყველა, ვინც გადალახავს თავის თავში კომპლექსებს, არჩევნების შედეგებით გამოწვეულს თუ ასე შემდეგ, მზად ვართ, რომ საერთო ფორმატში ამ საბჭომ იმუშაოს".

კომენტარები