უკრაინა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადავწყვიტე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა. ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ ოლექსი რეზნიკოვს რუსტემ უმეროვი შეცვლის. ახალი მინისტრი რადამ უნდა დაამტკიცოს

"ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს დამატებითი შესავალი არ სჭირდება. ველოდები, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას". - თქვა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღის წინ Українська правда წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს ახლო მომავალში გაათავისუფლებდნენ. ინფორმაცია მედიაში, რომ ზელენსკი რეზნიკოვის შემცვლელს ეძებდა, ჯერ კიდევ 10 აგვისტოს გავრცელდა.

გასულ დღეებში რეზნიკოვი ქურთუკების სკანდალის ეპიცენტრში იყო. 10 აგვისტოს გამოცემა Зеркало недели წერდა, რომ თურქულმა კომპანიამ 2022 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზაფხულო ქურთუკები მიყიდა, როგორც ზამთრის ქურთუკები, რომელთა ფასი უფრო ძვირია. რეზნიკოვი მედიას მოუწოდებდა, რომ გამოძიების შედეგებს დალოდებოდნენ.

კომენტარები