უკრაინა

Українська правда: მალე რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ

ოლექსი რეზნიკოვი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

Українська правда საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ. მედიის ცნობით, ის შესაძლოა სახელმწიფო ქონების ფონდის მეთაურმა, რუსტემ უმეროვმა ჩაანაცვლოს.

ამის შესახებ УП-სთან ისაუბრა წყარომ მინისტრთა კაბინეტიდან. ამას გარდა, მსგავს ინფორმაციას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს დეპუტატი პარტია გოლოსიდან, იაროსლავ ჟელეზნიაკი. 

წყაროს ცნობით, უკრაინის უმაღლესი რადა რეზნიკოვის გათავისუფლებას მომდევნო კვირაში განიხილავს. თავდაცვის მინისტრის პოზიციის ცვლილებები პრეზიდენტს ექვემდებარება, შესაბამისად, მისი გათავისუფლებისა და ახალი კანდიდატის რეკომენდაციასაც ქვეყნის ლიდერი გასცემს. ამ დროის განმავლობაში, წყაროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ პავლიუკი შეასრულებს. 

წყაროების ცნობით, რეზნიკოვის დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად გაგზავნა იგეგმება. მედიასთან წყაროებმა თქვეს, რომ ყველაზე მეტად შესაძლოა, რომ თანამდებობაზე დანიშნონ უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის მეთაური, რუსტემ უმეროვი. უმეროვმა ეს ინფორმაცია მედიასთან არც დაადასტურა და არც უარყო.

УП-ს მონაცემებით, პრეზიდენტის ოფისში საკითხი, თუ ვინ შეცვლის რეზნიკოვს, კვლავ განიხილება.

"რომ გაიგოთ, არ დგას საკითხი, უნდა გათავისუფლდეს თუ არა რეზნიკოვი - უნდა გათავისუფლდეს. მაგრამ ვინ ჩაანაცვლებს? ეს რეალური პრობლემა აღოჩნდა. რთული სამინისტროა, შესაძლო შემცვლელი კანდიდატები ძალიან ცოტაა". – უთხრა УП-ს ანონიმურად ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მაღალჩინოსანმა.

ინფორმაცია მედიაში, რომ ზელენსკი რეზნიკოვის შემცვლელს ეძებდა, ჯერ კიდევ 10 აგვისტოს გავრცელდა.

გასულ დღეებში რეზნიკოვი ქურთუკების სკანდალის ეპიცენტრში იყო. 10 აგვისტოს გამოცემა Зеркало недели წერდა, რომ თურქულმა კომპანიამ 2022 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზაფხულო ქურთუკები მიყიდა, როგორც ზამთრის ქურთუკები, რომელთა ფასი უფრო ძვირია. რეზნიკოვი მედიას მოუწოდებდა, რომ გამოძიების შედეგებს დალოდებოდნენ.

კომენტარები