ალა პუგაჩოვა

ალა პუგაჩოვას კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო სასამართლოში უჩივლეს

მოსკოვის სასამართლოში ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. მომჩივანი გაზის სააგენტო Газпром межрегионгаз Москва არის. 

"სააქციო საზოგადოება გაზპრომი სასამართლოს გზით ალა პუგაჩოვასგან კომუნალური გადასახადების გადახდას, კერძოდ კი გათბობისა და ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვას ითხოვს". – განუცხადა რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიას გაზის სააგენტოს წარმომადგენელმა.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენი აქვს დავალიანება მომღერალს. რუსულ მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პუგაჩოვას დავალიანება 51 000 რუბლს ($530) შეადგენს. ასევე, უცნობია თუ როდის გაიმართება საჩივრის განხილვა.

ალა პუგაჩოვამ ქმართან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად რუსეთი ომის დაწყებიდან მცირე დროში დატოვა. გალკინი და პუგაჩოვა ღიად აკრიტიკებდნენ ომის დაწყებას და პუტინის ხელისუფლებას. 2022 წლის 17 სექტემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი უცხოეთის გავლენის აგენტების სიაში შეიყვანა.

"მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს. გთხოვთ ჩამრიცხოთ უცხოეთის აგენტების რიგებში, ვინაიდან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის(მაქსიმ გალკინი) მიმართ". – განაცხადა პუგაჩოვამ.

კომენტარები