საქართველო-რუსეთი

კარასინი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა ოსეთი და აფხაზეთი აღიარონ

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს, რათა ჩინეთმა, ინდოეთმა და სხვა ქვეყნებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარონ.

"იცით, რომ რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება, ყველა დონეზე, მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან, სხვა ქვეყნებთან, რომ ისინი წინ წავიდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისკენ". – თქვა კარასინმა.

კარასინი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-15 იუბილის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩავიდა.

მედვედევი: ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობას ეყოფა პრაგმატიზმი, აღიაროს ოსეთი და აფხაზეთი

კარასინის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე, საპირისპირო ზეწოლას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები.

"ეს საკითხი მარტივი არაა, რადგან არსებობს სხვა ქვეყანაც, ვგულისხმობ კოლექტიურ დასავლეთს, აშშ-ს, რომელიც ზეწოლას სხვა მიმართულებით ახორციელებს. მაგრამ მე, ბუნებით ოპტიმისტი ვარ, აბსოლუტურად მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ეს აღიარება იქნება". – თქვა კარასინმა.

გასულ წლებში კარასინი ჩართული იყო საუბრების ფორმატში, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან მართავდა დიალოგს.

31 ივლისს ჩინეთსა და საქართველოს შორის გამოცხადებული სტრატეგიული პარტნიორობის ტექსტის მიხედვით, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, თუმცა განცხადება ამ საკითხს ზედაპირულად ეხებოდა.

ცეკვა დრაკონთან – რას ეთამაშება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ივანიშვილი?

კომენტარები