ივლისში ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. ეს ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, ვისაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთში ეგულება და არა შორეულ აღმოსავლეთში. გაჩნდა დამატებითი კითხვები საქართველოს გაცხადებულად პროდასავლური კურსის შეცვლასთან დაკავშირებით. კითხვებზე პასუხი, ივანიშვილის რეჟიმის თავისებურებიდან გამომდინარე, რთულად საპოვნელი არ არის: ქართული ოცნების მიზანი არა პარტნიორების დივერსიფიცირება და ამით ქვეყნის ეკონომიკური ან სხვა სახის უსაფრთხოების გაძლიერება, არამედ სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე დასავლეთთან პირადი კეთილდღეობისთვის სავაჭროდ ახალი ბერკეტის შექმნაა.
საერთაშორისო კონტექსტი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად ცდილობს აშშ-ს კონკურენცია გაუწიოს და მსოფლიოს ლიდერობისთვის ალტერნატიულ ძალად წარმოჩინდეს. 2023 წლის მარტში პეკინმა იშვიათი და მოულოდნელი დიპლომატიური გარღვევა მოახდინა. სი ძინფინგის შუამავლობით დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირებულ ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამ გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა ძალთა ბალანსი შეიცვალოს და აშშ-ს პარტნიორად მიჩნეულ საუდის არაბეთში და მთელ რეგიონში ჩინეთის გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ვანგ იმ, რომელიც მაშინ ჩინეთის საგარეო უწყებაში უმაღლეს, საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 25 ივლისიდან კი რანგით უფრო დაბალ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზეც დააბრუნეს, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ჩინეთის შუამავლობით დიალოგი გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეს ინიციატივა მულტილატერალიზმისა და გლობალური განვითარების ინიციატივებთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის ბუნდოვანი შინაარსის მატარებელია, ფაქტია, რომ მათი მნიშვნელობა სი ძინფინგის მიერ დასავლური, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის მიზნის მიღწევაში სულ უფრო იმატებს.
ჩინეთთან ერთად მსოფლიოში დღეს არსებული წესრიგის შეცვლის შესახებ საუბრობს რუსეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2022 წლის 30 მარტს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთში გამართული პირველი ვიზიტისას თქვა, რომ მსოფლიო “საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან სერიოზულ პერიოდში ცხოვრობს” და რუსეთი ჩინეთთან ერთად ახალ, “მულტიპოლარულ, სამართლიან და დემოკრატიულ” მსოფლიო წესრიგს ქმნის.
ჩინეთის პრეზიდენტსაც ღრმად სწამს, რომ მსოფლიო საუკუნის განმავლობაში არნახული ცვლილებების წინაშეა. სი ძინფინგმა ეს რუსეთში ვიზიტის დასრულებისას, კრემლის სასახლის ზღურბლზე პუტინთან გამომშვიდობების დროსაც თქვა.
“სწორედ ახლა ცვლილებები ხდება - ისეთი, როგორიც 100 წლის განმავლობაში არ გვინახავს - და ჩვენ ერთად ვმართავთ ამ ცვლილებებს”. - აღნიშნა მან.
ჩინეთის ხედვით, ქვეყანამ ამ ცვლილებებით უნდა ისარგებლოს და ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოების წარმმართველ ძალად იქცეს. საამისოდ მას მსოფლიოს გარშემო დასავლეთის წინააღმდეგ და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად მოკავშირეების პოვნა სჭირდება. რუსეთისა და ირანის მსგავსი ავტორიტარული სახელმწიფოების გარდა, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიასა და წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგთან ბრძოლაში ჩინეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან, კომუნისტურ რეჟიმთან ურთიერთობების გაღრმავებასა და სტრატეგიული პარტნიორობების დამყარებას ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკისა და სხვა რეგიონების ქვეყნებიც იწყებენ, რაც დასავლეთისთვის და განსაკუთრებით აშშ-სთვის სულ უფრო მზარდი გამოწვევა ხდება.
საუდის არაბეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ათწლეულების ისტორია აქვთ. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ერ-რიადის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა, რისი პირველი მკვეთრი მანიშნებელიც 2021 წლის 24 აგვისტოს საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება იყო, რის საფუძველზეც ერ-რიადი მოსკოვისგან მეტ იარაღს ყიდულობს.
საუდის არაბეთმა ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო ჩინეთთანაც, რომელიც ამ არაბული ქვეყნიდან ექსპორტზე გასული ნავთობის ყველაზე დიდ წილს იღებს. მარტში გაფორმებული შეთანხმება ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. გარდა ამისა, რეგიონში საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად რუსეთმა და ჩინეთმა BRICS-ის სხვა წევრებთან ერთად 22-24 აგვისტოს გამართულ სამიტზე ბლოკის გაფართოების გადაწყვეტილებაც მიიღეს და გაერთიანებაში ირანთან, ეთიოპიასთან, ეგვიპტესთან, არგენტინასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად უკვე მიიწვიეს საუდის არაბეთიც.
BRICS-ის წევრები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა - განვითარებადი ქვეყნების ისეთი ეკონომიკური ალიანსის, ე.წ. გლობალური სამხრეთის შექმნას ცდილობენ, რომელიც დასავლეთის ეკონომიკურ სიძლიერეს დააბალანსებს.
მიუხედავად საუდის არაბეთის მიერ ჩინეთთან და რუსეთთან გაძლიერებული კავშირებისა, მისი მიზანი აშშ-ს ლიდერობით არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლას სულაც არ უნდა წარმოადგენდეს და სავარაუდოდ, ერ-რიადს სურს, ვაშინგტონს დაანახოს, რომ რეგიონში მისი ჩართულობა არსებული გამოწვევების შესაბამისი არ არის.
ამის მაგალითია საუდის არაბეთის მიერ რუსეთისგან სათუო საჭიროებით შესყიდული შეიარაღებაც. აშშ-ს ექსპორტზე ყველაზე მეტი შეიარაღება სწორედ საუდის არაბეთში გააქვს და ეს წილი უკრაინის ომის დროსაც არ შეცვლილა. ამასთან, აშშ-ს გარდა საუდის არაბეთს იარაღს აწვდიან კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი. ამ ფონზე, რაში სჭირდებათ არაბებს რუსული იარაღი? ერ-რიადის მიერ მოსკოვისგან იარაღის შეძენა ძირითადად მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა ბაზრის დივერსიფიცირებას და აშშ-ს გარდა სხვა საერთაშორისო გლობალურ აქტორებთან კავშირების დამყარებას ცდილობს, რითაც ვაშინგტონში სიგნალს გზავნის, რომ არასაკმარისი ჩართულობის შემთხვევაში, რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მთავარ როლს სხვა, მათ შორის, აშშ-სთან მკვეთრად დაპირისპირებული ავტოკრატიული ძალები შეასრულებენ.
სწორედ ამ გზავნილის მატარებელია საუდის არაბეთის მიერ ჩინეთის შუამავლობით ირანთან გაფორმებული შეთანხმებაც, რომელიც სამივე მხარისთვის მომგებიანია. ჩინეთს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის პოზიციების გამყარებასთან ერთად ნავთობის უწყვეტი მიღებისთვის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების რეალური ინტერესი აქვს. თეირანი ჩინეთის შუამავლობით სუნიტურ საუდის არაბეთთან ურთიერთობის დამყარებით საერთაშორისო იზოლაციიდან თავის დაღწევას და ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობის გამყარებას ცდილობს, ერ-რიადი კი ირანიდან მომდინარე საფრთხის შემცირებაზე დებს ფსონს.
გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის მიმართ გატარებული მკაცრი პოლიტიკისა და 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ, თეირანისადმი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შედარებით რბილი დამოკიდებულებით საუდის არაბეთში კვლავ იმძლავრა მოსაზრებამ, რომ დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ არასანდო პარტნიორია. ამრიგად, რეგიონში ირანთან ურთიერთობის კუთხით შეერთებული შტატების ქმედებებით გაჩენილი ვაკუუმის შევსებას სხვა ძალები ცდილობენ.
ამის შესახებ ირანი-საუდის არაბეთის შეთანხმების შეფასებისას ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთის შუამავლობით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაბალანსება “ამერიკისა და ისრაელის სისუსტის” მაჩვენებელია.
იმის, რომ დასავლეთი არასანდო პარტნიორია და ლიბერალური დემოკრატიის როლი თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვნად მცირდება, რასაც მსოფლიო წესრიგის შეცვლა უნდა მოჰყვეს, ღრმად სწამს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანსაც, რომელიც ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით დასავლეთს არასანდო პარტნიორად განიხილავს და რუსეთთან და ჩინეთთან, როგორც ალტერნატიულ ძალებთან და მომავალი მსოფლიო წესრიგის სავარაუდო შემქმნელებთან, ახლო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.
უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობისთვის შექმნილ 14+1 პლატფორმაში. პლატფორმა თავდაპირველად 17+1 ფორმატის იყო, თუმცა 2021 წელს ის პეკინის მოსკოვთან ახლო კავშირებისა და ჩინეთის არადემოკრატიული მმართველობის გამო ლიტვამ, 2022 წელს კი ლატვიამ და ესტონეთმაც დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთს სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისთვისაც. პეკინისთვის მნიშვნელოვან შუა დერეფნის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობასთან ერთად, ქვეყანას ევროკავშირში ვეტოს უფლება აქვს და ამასთან NATO-ს წევრიცაა, რის გამოც ის ჩინეთისთვის ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამხედრო დატვირთვას იძენს.
ზემოთ განხილული მაგალითების გათვალისწინებით, თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შედეგად მიღებული სიკეთეების მიუხედავად, 2008 წლის ომში ტერიტორიების დაკარგვისა და დასავლეთისგან არასათანადო დახმარების მიღების შემდეგ, რასაც რუსეთთან ობამას ადმინისტრაციის მიერ წარმოებული გადატვირთვის პოლიტიკა მოჰყვა, ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული რეაქციონერი ძალა თანდათანობით ღიად ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს და ახლა ჩინეთის სახით პარტნიორებს შორეულ აღმოსავლეთშიც ეძებს.
არც რუსეთი, არც დასავლეთი - ჩინეთი?
გაცხადებულად პროდასავლური კურსის მქონე საქართველოს ჩინეთთან ახლო პოლიტიკური ურთიერთობა არასდროს ჰქონია. საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ყველაზე ახლო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელთანაც 2009 წელს, სტრატეგიული პარტნიორობაც დავამყარეთ. ჩინეთისგან განსხვავებით, აშშ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მკაფიოდ უჭერს მხარს. ამასთან, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს დადებული და 2022 წელს ევროპული პერსპექტივის მონიჭების შემდეგ 2023 წლის ბოლოს ბლოკისგან კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული ურთიერთობა აქვს NATO-სთანაც, რომელმაც 11-12 ივლისს გამართული სამიტის კომუნიკეში ჩინეთის შესახებ მკაცრი გზავნილები გაავრცელა.
“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადებული ამბიციები და ძალისმიერი პოლიტიკა ჩვენი ინტერესების, უსაფრთხოებისა და ღირებულებების გამოწვევაა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი გავლენის ზონის გასაფართოებლად და ძალაუფლების წარმოსაჩენად პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებს და ამავე დროს თავისი სტრატეგიის, განზრახვებისა და სამხედრო ფორმირების შესახებ გაუმჭვირვალე რჩება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიბრიდული და კიბერ ოპერაციები, მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია მოკავშირეებს იღებს მიზანში და ალიანსის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სურს მთავარი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული სექტორების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სტრატეგიული მასალებისა და მიწოდების ხაზების გაკონტროლება. ის იყენებს საკუთარ ეკონომიკურ ბერკეტს სტრატეგიული დამოკიდებულების შესაქმნელად და გავლენის გასაძლიერებლად. ესწრაფვის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, მათ შორის კოსმოსის, კიბერ და საზღვაო სფეროებისთვის ძირის გამოთხრას”. - წერია კომუნიკეში.
ამ მწვავე გზავნილებიდან სულ რაღაც ორ კვირაში საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება მმართველი ძალის მხრიდან დასავლელი პარტნიორებისგან იზოლირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
როგორც ჩანს, ქართული ოცნების ხელისუფლება პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების გამართლებას საგარეო პოლიტიკაში ჩინეთის, როგორც დასავლეთისა და რუსეთის ალტერნატივის შემოთავაზებით შეეცდება. ეს ღარიბაშვილის CCTV-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც კარგად ჩანს.
“გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინფინგის ინიციატივებს… ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია. სწორედ ეს სჭირდება სამყაროს დღეს. სამყაროს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება. ყველა ერზე ვამბობ. ეს მთელ პლანეტას სჭირდება. პრეზიდენტ სი ძინფინგის ინიციატივები ვიტყოდი ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის. ამდენად, სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ სი ძინფინგის ინიციატივებს”. - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტ წოუ იუნს.
როგორც ვხედავთ, საქართველოს “ომში ჩართვის მოსურნე დასავლეთის” ალტერნატივად ივანიშვილის მარიონეტი “მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ” მიმართული ინიციატივების მქონე ჩინეთს გვთავაზობს, შესაბამისად, ახალ სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მხრიდან აგრესიის შემაკავებლადაც წარმოაჩენს. მაგრამ რამდენად შეუძლია ჩინეთს ამ როლის შესრულება და რომც შეეძლოს, არის თუ არა დღეს ეს მის ინტერესებში?
რაში სჭირდება საქართველოს ჩინეთი და პირიქით?
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ძირითადად პოლიტიკური და ეკონომიკურია.
როგორც დოკუმენტიდან ვარკვევთ, საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადებისთანავე დათმო საკუთარი ინტერესები. კერძოდ, პოლიტიკური განზომილების პირველივე პუნქტში აღნიშნულია, რომ მხარეები პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ადასტურებენ, საქართველო კი მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. მაშინ, როდესაც ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა პირველ რიგში სწორედ ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას უნდა ეყრდნობოდეს, ჩინეთის მხრიდან დოკუმენტში ეს ხაზგასმული არც ერთხელ არის - “ყველა ქვეყანა” სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტისთვის შეუსაბამოდ არაკონკრეტულია.
განცხადების ეკონომიკურ განზომილებაში საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივას. აქვე აღნიშნულია, რომ “შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის” მხარეები თანამშრომლობის სტიმულირებას მოახდენენ.
პეკინის სარტყლისა და გზის ინიციატივა მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთის ინტერესების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ემსახურება, რის საფუძველზეც ქვეყანა საკუთარი გავლენების გაფართოებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ სარტყლისა და გზის ინიციატივის კონკურენტად ევროკავშირის ქვეყნები შუა დერეფანს განიხილავენ, რომელიც სავაჭრო ქსელიდან რუსეთს გამორიცხავს. თუმცა ჩინეთი შუა დერეფნის პროექტშიც ცდილობს თავისი გავლენების გაფართოებას და გზაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებში საკუთარი ინვესტიციების ჩადებას. სწორედ ჩინეთის ეს ამბიცია და შუა დერეფნის განვითარებაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გვაფიქრებინებს, რომ პორტის მომავალი ინვესტორი ჩინური კომპანია იქნება.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის ვიზიტიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოში 5G ტექნოლოგიებიც შესაძლოა ჩინელმა ინვესტორმა განავითაროს, თან აშშ-ს მიერ დასანქცირებულმა Huawei-მ. ჩინეთის მთავრობის მიერ მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ტექნოლოგიების საჯაშუშო მიზნებისთვის გამოყენების გამო დასავლური ქვეყნები Huawei-ს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევენ და აშშ-მ, ავსტრალიამ, იაპონიამ, ევროკავშირის 10-მა ქვეყანამ და სხვა სახელმწიფოებმა მას უკვე აუკრძალეს 5G ინფრასტრუქტურის აშენება.
დოკუმენტის საერთაშორისო განზომილებაში საქართველო ჩინეთის მიერ შემოთავაზებული მულტილატერალიზმის, გლობალური განვითარების, გლობალური უსაფრთხოებისა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივებს უჭერს მხარს, რაც ქართულ მხარეს პეკინთან გაურკვეველ პოლიტიკურ ვალდებულებებს აკისრებს.
აშკარაა, რომ შეთანხმების შედეგად ჩინეთის მიერ მიღებული სარგებელი საქართველოს მიერ მიღებულ სარგებელს მთლიანად გადაწონის. საქართველო ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა პეკინისთვის მნიშვნელოვან შუა დერეფანზე, რომელიც საზღვაო გადაზიდვების ალტერნატივად განიხილება და ინფრასტრუქტურის სრულად განვითარების შემდეგ ჩინეთიდან ევროპამდე ტვირთის გადაზიდვის დროს 45-60 დღიდან 10-15 დღემდე შეამცირებს. ამასთან ევროპისთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე საკუთარი ინვესტიციების ჩადებით ჩინეთი გავლენებს რეგიონში მნიშვნელოვნად ზრდის.
გარდა ამისა, თუ პეკინი საქართველოში 5G ტექნოლოგიების განვითარებით იხეირებს, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოზე, რომელსაც აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი აქვს დადებული, რომლის თანახმად 5G ტექნოლოგიების განვითარებაში არასანდო მომწოდებლებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ჩინური Huawei კი სწორედ მსგავსი კომპანიების სიაში შედის, შესაბამისად მისი ტექნოლოგიების ქვეყანაში შემოტანით საქართველო დასავლეთისგან კიდევ უფრო იზოლირებული გახდება.
მაშინ რა გახდა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარების რეალური მიზეზი? შესაძლოა ჩინეთი რუსული საფრთხისგან დაცვის გარანტორად მართლა იქცეს?
არა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამ დრომდე არ გმობს, კრემლს ეკონომიკური სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ერთად, ომის გაგრძელებისთვის საჭირო ორმაგი გამოყენების ნივთებითაც ეხმარება, საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ კი ბუნდოვან განცხადებებს აკეთებს და ოკუპირებული ტერიტორიების ხსენებისგანაც თავს იკავებს, საქართველოსთვის უსაფრთხოების მიღწევის ერთადერთ რეალურ გზად კვლავ ევროკავშირსა და განსაკუთრებით NATO-ში ქვეყნის გაწევრიანება უნდა რჩებოდეს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სი ძინფინგის შემუშავებულ და ღარიბაშვილის მოწონებულ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის იდეებზე იყო დაფუძნებული ჩინეთის მიერ უკრაინის ომის წლისთავზე გამოქვეყნებული 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ძირითადად მხოლოდ რუსეთის ინტერესები იყო გათვალისწინებული.
ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება, სარტყლისა და გზის და სხვა, ბუნდოვანი შინაარსის მატარებელი ინიციატივებით საქართველოში ჩინური ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური გავლენის ზრდა არათუ დაიცავს საქართველოს მოსკოვის აგრესიისგან, არამედ დასავლეთთან მეტი იზოლაციისა და სახელმწიფო ინტერესების დათმობის ფონზე, ქვეყანა რუსული საფრთხის წინაშე მეტად მოწყვლადი გახდება.
სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პეკინისგან მფარველობას არ ელის, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელისუფლების მორიგი ბლეფია და ქართულმა ოცნებამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები სასწორზე მხოლოდ დასავლეთთან ურთიერთობაში შანტაჟის მორიგი იარაღის შესაქმნელად დადო.