რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინელები სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის ხაზს სულ უფრო ფართოდ არღვევენ

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

როგორც CNN-ი წერს, სამხრეთის ფრონტის ნაწილზე, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი სამხედროები რუსების თავდაცვით ხაზს სულ უფრო ფართოდ არღვევენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ტოკმაკის მიმართულებით მიიწევენ.

25 აგვისტოს უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ მათმა სამხედროებმა ნოვოპროკოპივკასა და აღმოსავლეთით მცირე დასახლების, ოჩერეტუვატეს მიმართულებით წარმატებებს მიაღწიეს. უფრო ადრე, ინფორმაცია გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სოფელი რობოტინეს აღების შესახებაც. ბრძოლები ახლა სწორედ ამ დასახლების სამხრეთით მიმდინარეობს.

უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევა, რომელსაც მთელი მსოფლიო თვეების განმავლობაში ელოდა უკვე კვირებია ნელი ტემპითა და მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე პროგრესირებს. თუმცა, ახლა სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის ხაზზე არსებულ პრობლემებზე თავად რუსული სამხედრო Telegram-არხებიც იუწყებიან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არხი, WarGonzo წერს, რომ უკრაინელებმა რობოტინეში ფეხი უკვე გაიმაგრეს და ახლა ნოვოპროკოპივკას უტევენ. პარალელურად უკრაინელი სამხედროები ვერბოვეს დასახლებასაც ბომბავენ.

"მტერი გადამწყვეტი დარტყმისთვის ძალებს იკრებს. მათ სჭირდებათ რომ მიაღწიონ ვერბოვეს, შემდეგ ტოკმაკს". - წერს რუსეთის არმიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი რუსი ბლოგერი, როგოჟინი ფრონტზე.

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკანასკნელ მოხსენებაში წერდა, რომ რობოტინეს სიახლოვეს უკრაინელი სამხედროები რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზს უახლოვდებიან, რის გამოც რუსებს ძალების გადაჯგუფება მოუწევთ.

კომენტარები