რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის მიერ გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს

უკრაინელი სამხედროები სოფელ უროჟაინოეში.
კადრი უკრაინის 35-ე საზღვაო ქვეითების ცალკეული ბრიგადის გავრცელებული ვიდეოდან.

გასულ დღეს, 16 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დონეცკის ოლქში მდებარე სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.

აქამდე Z-ბლოგერები წერდნენ, რომ რუსული ნაწილები ამ დასახლებას, რომელიც აქამდე მათ მიერ დაკარგული სოფელი სტარომაიორსკეს აღმოსავლეთით მდებარეობს, ტოვებდნენ, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ 16 აგვისტოს დადასტურდა.

უროჟაინოე არის მცირე ზომის სოფელი, რომელიც მდინარე მოკრიე იალის ნაპირზე მდებარეობს და არის ე.წ. ვრემევის მონაკვეთის ნაწილი. ფრონტის ეს ფლანგი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პრობლემური იყო. ის გასულ წელს რუსი სამხედროების მიერ უკრაინის თავდაცვით ხაზზე შეჭრის შედეგად წარმოიქმნა. ე.წ. ვრემევის მონაკვეთი აღარ არსებობს. ის უკრაინის ზაფხულის კონტრიერიშის შედეგად დანაწევრდა. ახლა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საბრძოლო პოზიციებზე შეღწევა შეძლეს და ფაქტობრივად ამ მიმართულებით რუსეთის თავდაცვის მეორე, მთავარ ხაზამდე მივიდნენ. ოკუპანტების მთავარი საყრდენი ამ მიმართულებით უროჟაინოედან 2-3 კილომეტრში მდებარე სოფელი სტარომლინოვკა არის.

ზაფხულის კონტრიერიშის ფარგლებში უკრაინელებმა ყველაზე მეტი დასახლებული პუნქტი სწორედ ე.წ. ვრემევის მონაკვეთში გაათავისუფლეს. აგვისტოს დასაწყისში მათ რუსი ოკუპანტები უკუაქციეს მეზობლად მდებარე სოფელი სტარომაიორსკედან. მაშინ Z-ბლოგერები ვარაუდობდნენ, რომ უროჟაინოეს სამ დღეზე მეტ ხანს ვერ შეინარჩუნებდნენ, თუმცა რუსმა სამხედროებმა, რეზერვების გადმოსროლითა და უწყვეტი კონტრშეტევებით, თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება კიდევ ორი კვირით შეძლეს.

რატომ არის უროჟაიონოე მნიშვნელოვანი

უროჟაინოე კონტრიერიშზე გადასული უკრაინელი სამხედროების მარცხენა ფლანგს იცავს და სტარომაიორსკისთან ერთად იძლევა შესაძლებლობას, გახდეს მნიშვნელოვანი პლაცდარმი აზოვის ზღვის, ან სხვა მიმართულებით სვლის გაგრძელებისთვის.

ამ პოზიციის დაკავებით, საფრთხე ექმნებათ პრიუტნოეს რაიონში განლაგებულ რუს სამხედროებს, რომლებიც შესაძლოა მოწყდნენ სტარომლინკოვეს რაიონში გამაგრებულ დანაყოფებს, თუ უკრაინელები შესაბამის იერიშს წამოიწყებენ. ოკუპანტებისთვის საფრთხე იქნება მდინარის გასწვრივ, სოფელი კრასნაია პლიანას მიმართულებით დარტყმაც, რაც მარიუოლისკენ წინსვლის შესაძლებლობას შექმნის. არსებობს სხვა ვარიანტებიც.

პარალელურად უკრაინის არმია ზეწოლას სამხრეთის ფრონტის სხვა მიმართულებებითაც არ წყვეტს. ვრცელდება ცნობები ორეხოვისა და ტოკმაკს შორის მდებარე სოფელი რობოტინეს მიმართულებით მიღწეული წარმატებების შესახებ, რაც ასევე რუსების მეორე თავდაცვის ხაზამდე მისვლა იქნება. ამას გარდა, ვრცელდება ცნობები ვასილევკის მიმართულებით თავდასხმებსა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში პლაცდარმების დაკავების შესახებ.

შესაბამისად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეტევების მიმართულებების პოტენციალი უფრო და უფრო ეზრდებათ, ეხსნებათ შესაძლებლობის მრავალი ფანჯარა, რაც თავდაცვით პოზიციებზე მყოფი ოკუპანტებისთვის ცუდია.

ის, თუ როგორ დაჟინებით იცავდა რუსეთის არმია უროჟაინოეს პოზიციებს, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულ საფრთეს გრძნობს ვალერი გერასიმოვის გენშტაბი საბრძოლო პოზიციებისა და თავდაცვის ხაზების გარღვევის გამო. 

რუსეთის გენშტაბი ცდილობს, რომ ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოახერხოს და აქტიურ თავდაცვაზე გადავიდეს მოწინააღმდეგის მოგერიებით, თუმცა ამ მიზნისთვის უფრო და უფრო მეტი ახალი, მათ შორის სტრატეგიული რეზერვის გამოყენება მოუწევთ. მაშინ, როცა რუსეთის კონტრიერიშის წინაპირობა არ არსებობს, მსგავს ტაქტიკას უფრო და უფრო მეტი რესურსი სჭირდება.

მოქმედებისთვის რესურსები უკრაინასაც სჭირდება

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები მცირე ჯგიფებით რუსების საცეცხლე პოზიციების გახსნის მიზნით და მათი ჩახშობა ეფექტიანი საარტილერიო დარტყმებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მიერ ბახმუტში გამოყენებულ ტაქტიკას წააგავს. თუმცა ვაგნერელები ფრონტის მცირე მონაკვეთზე მოქმედებდნენ, უკრაინელი სამხედროები კი რუსეთის თავდაცვითი პოზიციების გარღვევას ფართო ტერიტორიაზე ცდილობენ.

როგორც BBC აღნიშნავს, მსგავსი ტაქტიკის დროს დიდი დანაკარგები გარდაუვალია, თუმცა მასობრივი იერიშების შემთხვევაში ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, წარმატების გარანტია კი არ იარსებებდა. მათივე შენიშვნით, ასეთი საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ძალთა როგორი ბალანსით მიუახლოვდებიან სამხედრო ოპერაციის გადამწყვეტ ფაზას, რაც დამოკიდებული იქნება არამხოლოდ უბრალო მათემატიკაზე, არამედ საბრძოლო სულისკვეთებასა და სხვა მრავალ ფაქტორზეც.

პარალელურად, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ სიტუაცია მძიმდება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვში, კუპიანსკის მიმართულებით. 

კუპიანსკი უკრაინელმა სამხედროებმა გასულ წელს, სექტემბერში ხარკოვის ელვისებური კონტრიერიშის დროს გაათავისუფლეს, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. სირსკის ცნობით, მოწინააღმდეგე აქტიურად, ყოველ დღე, სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს ამ მიმართულებით მათი თავდაცვის გარღვევას. მისივე თქმით, მოიერიშე ჯგუფები ძირითადად პატიმრებისგან შედგება. კუპიანსკის მეორეჯერ დაკარგვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება მაშინ, როცა სამხრეთში შესაძლებლობის ფანჯარა ექმნებათ.

კომენტარები