უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრებს უკრაინის მხარეს გადასვლისა და შურისძიებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ РДК-ს ლიდერმა, დენის კაპუსტინმა (ნიკიტინი) ჯგუფის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
კაპუსტინის თქმით, მიმართვა გაავრცელეს ვაგნერის იმ მებრძოლებისთვის, რომლებისთვისაც "ერთგულებასა და ღირსებას კვლავ აქვს აზრი და მნიშვნელობა". მისივე თქმით, ცხადია, რომ ვაგნერის ლიდერები რუსეთის ხელისუფლების ზედა ეშელონმა მოკლა და ჯგუფის წევრებს უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.
"როგორც ჩანს, გუშინ თქვენი მეთაურები და მამა-დამაარსებელი ცინიკურად დასაჯეს სიკვდილით. ის, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის ბრძანებით მოკლეს, ყველასთვის ცხადია. ამიტომ ახლა თქვენ რთული, მაგრამ საკმაოდ ლოგიკური არჩევანი გაქვთ: ჩადგეთ თქვენი მეთაურების მკვლელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამსახურში, ან შეინარჩუნოთ ღირსება და შური იძიოთ მათზე, უკრაინის მხარეს გადასვლით". – თქვა კაპუსტინმა.
რუსეთში ხალხს არასასურველი მომავლისთვის მზადებას ვურჩევ – ინტერვიუ РДК-ს შტაბის მეთაურთან
კაპუსტინი РДК-ს რიგებში ეპატიჟება ვაგნერელებს, რომლებსაც უკრიანის ტერიტორიაზე ომის დანაშაულები არ ჩაუდენიათ.
"თუ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დანაშაული არ ჩაგიდენიათ, მაშინ გთავაზობთ ჩვენს რიგებში გაწევრიანებას და ჯერ ამ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას, შემდეგ კი მოსკოვის მიმართულებით მარშის ხელახლა წამოწყებას, ამგრამ ამჯერად არ გავჩერდებით მოსკოვის წრიული გზიდან 200 კილომეტრში, არამედ მივალთ ბოლომდე!". – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
კაპუსტინი ვაგნერელებს უკრაინის მხარეს გადასვლის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება.
23 აგვისტოს, აჯანყების მოწყობიდან 2 თვის თავზე, რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაში კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი და ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ. კერძო თვითმფრინავით 10 ადამიანი მგზავრობდა და ათივე მათგანის ნეშტი ნაპოვნია. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირების პროცესი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პრიგოჟინს აქამდე სახელით არ იხსენიებდა, მას ნიჭიერი ბიზნესმენი უწოდა და თვითმფრინავის დაღუპულ მგზავრთა ახლობლებს მიუსამძიმრა.