რუსული მოხალისეთა კორპუსი

რუსეთში ხალხს არასასურველი მომავლისთვის მზადებას ვურჩევ – ინტერვიუ РДК-ს შტაბის მეთაურთან

რუსული მოხალისეთა კორპუსი

რუსეთში ხალხს არასასურველი მომავლისთვის მზადებას ვურჩევ – ინტერვიუ РДК-ს შტაბის მეთაურთან

2023 წლის 2 მარტს რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფი გადავიდა და საბრძოლო მოქმედებები ჩაატარა. ეს რუსული მოხალისეთა კორპუსი – РДК იყო. ეს ჯგუფის პირველი ფართო, საჯარო გამოჩენა იყო. მათ, ლეგიონ რუსეთის თავისუფლებასთან ერთად, უკვე მაისში კიდევ უფრო ფართო მოქმედებები ჩაატარეს, ამჯერად ბელგოროდში. მათ ეს ოპერაცია 22 მაისს დაიწყეს. სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობა ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდა და РДК-ს მებრძოლებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ტყვედ აყვანაც შეძლეს.

ტაბულა დაუკავშირდა РДК-ს შტაბის მეთაურს, ალექსანდრს, რომელიც "ფორტუნას" ზედმეტსახელითაა ცნობილი. ფორტუნამ ისაუბრა რუსეთში ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებაზე, РДК-ს შექმნაზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანაზე, ჯგუფის მიზნებსა და შეხედულებებზე, ასევე კონტრიერიშის მსვლელობაზეც.

– ბოლო დღეებში ჩვენ პუტინის რეჟიმისთვის არნახული საფრთხის მომსწრეები გავხდით. რას ფიქრობთ ევგენი პრიგოჟინის აჯანყებაზე და რა ბედი ელის ვაგნერის დამფუძნებელს?

– ვფიქრობ, რომ ეს ისტორია, რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი იყო. თუნდაც ტექნიკური მხარე რომ გავაანალიზოთ, ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით სამხედროს, ესმის, რომ რამდენიმე ათასი, თუ ათიათასობით ადამიანის ტექნიკით, საწვავით, საკვები პროდუქტითა და ა.შ. გადასროლა რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ძალიან რთული ლოგისტიკური დავალებაა. ეს მარტივი გასაკეთებელი არაა და ამის სპონტანურად გაკეთება შეუძლებელია. შესაბამისად, მოცემული “სამართლიანობის მარში”, როგორც ეძახდნენ, წინასწარ მზადდებოდა.

ვფიქრობ, პრიგოჟინი, დიდი ალბათობით, იმედოვნებდა, რომ ძალოვანთა ბლოკიდან ვინმე შეუერთდებოდა, ФСБ, დაცვის ფედერალური სამსახური ან შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი გათვლა, სავარაუდოდ, იყო, რომ შეუერთდებოდა უწყება, როგორც გარკვეული ძალა. მაგრამ, რაღაც მიზეზების შედეგად, ეს არ მოხდა და მთელი ეს საქმე გაყინეს და უკან დაბრუნდნენ.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ ახლა კსკ ვაგნერს თანდათან დაშლიან, ყოველ შემთხვევაში, რუსეთში. გამოკვეთილ მონაწილეებს, რომლებიც კამერებში ჩანდნენ, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ, მათ თანდათან პასუხისგებაში მისცემენ. ამას, დიდი ალბათობით, ჩუმად, აკურატულად, წყნარად გააკეთებენ და მორჩა, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა რეჟიმისთვის ხელისშემშლელ ცალკეულ ორგანიზაციებთან მიმართებით, დაიწყებენ მის დახურვას. პრიგოჟინის ბედისწერაზე საუბარი რთულია. ვფიქრობ, პუტინი მას არავითარ შემთხვევაში აპატიებს, მხოლოდ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე. რაში გადაიზრდება - ვფიქრობ იქნება გარკვეული გამოძიებები მასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორ განვითარდება სიტუაცია, მომავალში ვნახავთ.

– როგორ ფიქრობთ, პრიგოჟინს თავდაცვის სამინისტროში მხარდამჭერები ჰყავდა? მაგალითად გენერალი სერგეი სუროვიკინი?

– მგონია, რომ არა. ვფიქრობ, პრიგოჟინს მხარდამჭერები სადღაც შუა რგოლში ჰყავდა, შესაძლოა უფრო დაბლაც: ვიღაც ოფიცრები, ფრონტის გარკვეული ქვედანაყოფების მეთაურები, რადგან ვიხილეთ სურათი, ამ მარშის დროს როგორ გადადიოდნენ მის მხარეს ჯარისკაცები, მედესანტეები. ამას დამატებული, არსებობს ინფორმაცია, რომ ფრონტზე ჯარისკაცები ძალიან ხშირად ვაგნერის ჯგუფში მოხვედრას ითხოვდნენ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ დონეზე მხარდამჭერები ჰყავდა, მაგრამ უფრო მაღლა, ნაკლებად სავარაუდოა.

– თქვენი ჯგუფის დაფუძნების ისტორიით გავაგრძელოთ. როდის და როგორ შეიქმნა რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК)?

– რუსული მოხალისეთა კორპუსი დაიწყო ბიჭების მცირე ჯგუფით. ესენი იყვნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან ომამდე ცხოვრობდნენ. ომის დაწყებისას ყველა გაფანტული იყო. ზოგი აზოვში იყო, ზოგი უბრალოდ პარტიზანული მოქმედებებით იყო დაკავებული, ზოგი მემარჯვენე სექტორში იყო, ზოგიც კიდევ სხვაგან. რაღაც მომენტში გამოჩნდა სხვადასხვა ქვედანაყოფების ძალიან დიდი რაოდენობა. ასე ვთქვათ, ეთნიკური ნიშნით, გაჩნდა ბელარუსული სხვადასხვა ქვედანაყოფები, არსებობს ქართული ქვედანაყოფი, საკმაოდ დიდი, გამოჩნდნენ იჩქერიული ქვედანაყოფები, ინგლისურენოვანებიც – ბრიტანელებმა ბრიტანელებთან თანამშრომლობა დაიწყეს, გერმანელებმა – გერმანელებთან, მაგრამ არ არსებობდა არცერთი რუსული ქვედანაყოფი და რაღაც მომენტში დენისს (რედ.: დენის კაპუსტინი/ნიკიტინი - РДК-ს ლიდერი) მოუვიდა იდეა, შეექმნა მსგავსი ქვედანაყოფი და ერთ ჭერქვეშ შეეკრიბა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ბრძოლა სურდათ. და, რა თქმა უნდა, ამას დამატებული ადამიანები, რომლებიც ჩამოსვლას ისურვებდნენ, ასევე მიიღებოდნენ. რუსული მოხალისეთა კორპუსი, ასე ვთქვათ, როგორც ცნობად ქვედანაყოფად, დაახლოებით, გასული წლის აგვისტოში გამოჩნდა. აქამდე, გასაგებია, ჩვენ ყველა ვიბრძოდით, იყო ჯგუფი, უბრალოდ არაფერი გვერქვა. მაგრამ, როგორც ბრენდი, დაახლოებით, გასული წლის აგვისტოში [გამოვჩნდით].

РДК-ს მეთაური, დენის ნიკიტინი (კაპუსტინი) და ფორტუნა ბრიანსკში - კადრი გავრცელებული ვიდეოდან

– რა მიზნები გაქვთ რუსეთში და ხედავთ თუ არა რუსი ხალხისგან მხარდაჭერას?

– ჩვენ გვაქვს სამხედრო მიზნებიც და პოლიტიკური მიზნებიც. სამხედრო მიზნები გასაგებია, ეს არის ომში უკრაინის მხარეს ბრძოლა და უკრაინის პირობების შესაბამისად  გამარჯვებასთან მიახლოება – ანუ, ეს არის 1991 წლის საზღვრები, ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება, დემილიტარიზებული ზონა, რეპარაციების მიღების ტრიბუნალის დაარსება, ომის დანაშაულების გამოძიება მათ წინააღმდეგ, ვინც ომი დაიწყო, ვინც ომს მხარს უჭერდა – ეს სამხედრო მიზნებია. 

პოლიტიკური მიზნები, გლობალურად, არის რუსეთის ფედერაციაში ამჟამად არსებული პოლიტიკური სისტემის სრული დემონტაჟი.

– რუსი ხალხის მხრიდან მხარდაჭერაზე რას იტყვით? ხედავთ ამას თუ არა?

– გულშემატკივრების დიდი რაოდენობა გვიჩნდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩვენი ყოველი მასშტაბური ოპერაციის შემდეგ. ხალხი გვწერს, გვირეკავს, მოგვმართავს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც კორპუსში გაწევრიანება სურთ, ადამიანები, რომელთაც კორპუსთან დაკავშირებით მეტის გაგება სურთ.

როცა ოპერაციის დროს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს ვეკონტაქტებოდით, რა თქმა უნდა, ხალხს ძირითადად ეშინია, მაგრამ მათ ეშინიათ იმის, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, განსაკუთრებით დიდი ურთიერთობა არ გვქონია. იმ მომენტისთვის, როგორც წესი, ყველა უკვე ევაკუირებულია, მაგრამ, მაგალითად, იყო ხალხი, რომლებიც გვთხოვდნენ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებას რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ, საზღვრის გავლით მათი უსაფრთხოდ გაყვანა რომ შეგვძლებოდა. 

– რას ფიქრობთ მიმდინარე ომზე, რას ნიშნავს ეს ომი თქვენთვის? როგორ ხედავთ რუსეთისა და უკრაინის მომავალს?

– გლობალურად, როგორც დენისს უყვარს ამის თქმა, ეს არის თავისუფლების ომი არათავისუფლების წინააღმდეგ, უხეშად რომ ვთქვათ. ეს ომი არის დიდი ცივილიზაციური გამყოფი პროგრესსა და რეგრესს შორის. რუსეთში ახლა არის რეგრესი და დიქტატურა და ეს რეგრესი და დიქტატურა ცდილობს მეზობლების შთანთქმას, საკუთარი დღის წესრიგის თავზე მოხვევას, ყველგან ცდილობს შექმნას რაღაც რუსეთის მსგავსი, მაგრამ ეს არავის სურს. ვფიქრობ, საქართველოში ეს, თავის დროზე, კარგად შეიგრძნეს და რუსეთი არ წყვეტს მცდელობებს, ჩაითრიოს საქართველო თავის ორბიტაზე, გარკვეული სახით.

ფორტუნა და РДК-ს სხვა მებრძოლები ბელგოროდის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ - Finbarr O'Reilly/The New York Times

ვფიქრობ, ომი, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ვფიქრობ, რუსეთში ბნელი დროება დაიწყება, დაიშლება რამდენიმე სახელმწიფოდ თუ ერთ სახელმწიფოდ დარჩება, ამაზე საუბარი, როცა ომის დასასრული შორსაა, ჯერ კიდევ რთულია, მაგრამ ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ რუსეთში ბევრად, ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ახლაა. იმაზე უარესი, ვიდრე ხალხი რასაც 1937, 1917 წელს ადარებს, ყველაფერი ბევრად უარესად იქნება. ჯერ კიდევ არის ამ ყველაფრის შეჩერების დრო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს იმას, რასაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი აკეთებს. ამიტომ, რუსეთის ყველა მცხოვრებს ძალიან არასასურველ მომავალთან შეხვედრისთვის მომზადებას ვურჩევდი.

– რუსეთის სიღრმეში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები გახშირდა. ზოგიერთი ამ მოვლენებს РДК-ს უკავშირებს. მონაწილეობთ მსგავს თავდასხმებში?

– მოდი ასე ვთქვათ - ჩვენ გვყავს შინაგანი ქვედანაყოფი, რომელიც დაკავებულია უპილოტო საფრენი აპარატებით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა სპეცოპერაციებში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე. რამდენად შორს მივფრინავთ, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შემიძლია.

– ივნისში თქვენმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ერთ–ერთმა ტყვემ, ვლადისლავ იზმაილოვმა, რომელიც აქამდე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის რიგებში იბრძოდა, გაცვლაზე უარი თქვა და РДК-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. როგორ მიმდინარეობს იზმაილოვის შემოწმება?

– დიახ, იყო მსგავსი ისტორია, როცა ვაგნერის ერთ-ერთმა მებრძოლმა გაცვლაზე უარი თქვა და გამოთქვა რუსულ მოხალისეთა კორპუსში მსახურების სურვილი. ახლა ის სხვადასხვა სპეციალურ შემოწმებებს გადის. ჯერჯერობით არ არის რუსული მოხალისეთა კორპუსის მებრძოლი და არც ფაქტია, რომ РДК-ს მებრძოლი გახდება. მას ახლა სხვადასხვა შემოწმებების ეტაპი აქვს: პოლიგრაფი, ფსიქოლოგიური ტესტი და ძალიან დიდი სპექტრი… ვნახოთ საბოლოოდ რა იქნება. ჯერ ეს ადამიანი უბრალოდ სხვადასხვა შემოწმებას გადის. 

– როგორი თანამშრომლობა გაქვთ ლეგიონ რუსეთის თავისუფლებასთან? არსებობს იდეოლოგიური სხვაობა თქვენს ჯგუფებს შორის? და რაა უკრაინაში მცხოვრები ყოფილი დუმის დეპუტატის, ილია პონომარიოვის როლი ამ ჯგუფთან მიმართებაში?

– მოდი, ბოლოდან დავიწყებ. ადრე ილია პონომარიოვი აცხადებდა, რომ ლეგიონი რუსეთის თავისუფლება მისი პირადი პროექტი იყო. შემდეგ მათ შორის რაღაც უთანხმოება გაჩნდა. ამაზე კომენტარის გაკეთება უკვე აღარ შემიძლია. ახლა ლეგიონი რუსეთის თავისუფლება აცხადებს, რომ ილია პონომარიოვს მათთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს. ეს რამდენად მართალია, ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობს ასეთი ინფორმაცია. 

ჩვენი ლეგიონ რუსეთის თავისუფლებასთან ვთანამშრომლობდით ორი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. ეს იყო გრაივორონის ოპერაცია და შებეკინოს ოპერაცია. აქამდე მათ ფრონტზე არასდროს შევხვედრივართ და ერთად არ გვიმოქმედია. ცხადია, რომ თვალს ვადევნებთ მათ მოქმედებას, ისინი კი - ჩვენსას. მათთან გარკვეული პარიტეტი გვაქვს. ნამდვილად გვაქვს გარკვეული იდეოლოგიური, ასე ვთქვათ არა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ შეხედულებები მიმდინარე სიტუაციაზე, შეხედულებები ცხოვრებაზე, მრავალი მხრიდან, შეხედულებები რეკრუტირებაზე. ლეგიონი რუსეთის თავისუფლება ამბობს, რომ საკუთარ რიგებში იღებს ომის ტყვეებსაც, რუსულ მოხალისეთა კორპუსში მხოლოდ მოხალისეები არიან, არ გვყავს ყოფილი ომის ტყვეები, მობილიზებულები… რუსული მოხალისეთა კორპუსი, როგორც სახელი გულისხმობს, არის მოხალისეობრივი ქვედანაყოფი. ლეგიონი რუსეთის თავისუფლება აცხადებს, რომ იღებენ სამხედრო ტყვეებსაც. მაგრამ ჩვენ ამ იდეას დიდი ეჭვისთვალით ვუყურებთ, პირდაპირ რომ ვთქვა. ეს პირველი.

რუსული მოხალისეთა კორპუსისა და ლეგიონი რუსეთის თავისუფლების წევრები უკრაინაში, რუსეთის საზღვართან - Viacheslav Ratynskyi/Reuters

მეორეც, პოლიტიკური და იდეოლოგიური თვალთახედვით, ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში უნდა დარჩეს, როგორ იმოქმედებს ეს რუსეთზე, მნიშვნელოვანი არაა და ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანია არსებული რეჟიმის სრული დემონტაჟი. ლეგიონი ამბობს, რომ რუსეთი უნდა დარჩეს 1991 წლის საზღვრებში, ამბობენ, რომ აუცილებელია ახლანდელი ხელისუფლების მხოლოდ ზედა ნაწილის ლუსტრაცია, ანუ პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის. ჩვენ მათ ამაზე არ ვეთანხმებით. აი, ასეთი განსხვავებაა ჩვენ შორის, ამიტომ, ჩვენ მათთან ერთად მივდივართ ერთი მიზნისთვის, მაგრამ ოდნავ სხვადასხვა გზებით.

– რას ფიქრობთ გეოპოლიტიკურ სურათზე, რომელიც ახლა კავკასიაში, კერძოდ საქართველოშია?

– ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროპისკენ მიმართულ ვექტორზე სიარული, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამჟამად არსებობს რუსეთის გარკვეული გავლენა, რომელიც ბოლო წლებში, ასე ვთქვათ, გაიზარდა და რუსეთი მაინც ცდილობს საქართველო თავის ორბიტაზე მიითრიოს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, საქართველოში ბოლოს 2020 წელს ვიყავი. ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან ლამაზია - თბილისი, ბათუმი - მშვენიერი ქვეყანაა, მშვენიერი ხალხი, ამიტომაც თავისუფალ ქართველებს ვუსურვებდი წინსვლას ევროპისკენ, ცივილიზებული სამყაროს მიმართულებით და უფრო მეტად აღარ ჩაღრმავებოდნენ ამ პოსტსაბჭოთა სივრცის გადმონაშთებს, რისი კეთებაც რუსეთს უყვარს, ბუფერული ქვეყნების გარემოცვის შექმნა, საბჭოთა იდეოლოგიის აღდგენით. ამიტომაც, უკეთესია იმ გზაზე იაროთ, რომელზეც ადრე იდექით.

– და ბოლო შეკითხვა. როგორ მიმდინარეობს კონტრიერიში? მონაწილეობს თქვენი ჯგუფი ამ მოქმედებებში?

– კონტრიერიში მთლიანობაში გეგმის მიხედვით მიდის, ჩვენი ჯგუფი მონაწილეობს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ანუ აქ უშუალო მონაწილეობას ვიღებთ. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში კონტრიერიშის მოქმედებებში ჩვენს ძალისხმევას გავზრდით. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, უბრალოდ ბევრი ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სამხედრო საქმიანობასთან შეხება არ აქვთ და არ ესმით რაღაც პროცესები, თვლიან რომ კონტრიერიში არის მყისიერი გარღვევა, მყისიერი გამარჯვება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ ხდება. ყველა ის ტერიტორია, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, დიდწილად, ოკუპირებულია ერთ წელზე მეტი ხნით. ცხადია, რომ იქ სერიოზული დაცვაა, ყველაფერი დანაღმულია. საკმაოდ რთულია თავდასხმითი მოქმედებების შესრულება, ფრონტის წაწევა, მაგრამ, მთლიანობაში, ყველაფერი დაგეგმილი სცენარის მიხედვით ვითარდება და ვფიქრობ, რომ კონტრიერიში წარმატებული იქნება.

კომენტარები