პრიგოჟინის მკვლელობა

ნაკლებსავარაუდოა, რომ პრიგოჟინის მკვლელობა პუტინის ბრძანების გარეშე მოხდა - ISW

კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სანქტ-პეტერბურგი, 2010 წლის 20 სექტემბერი 
Kyiv Post 

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 23 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა, რომ პრიგოჟინის მკვლელობა პუტინის ბრძანების გარეშე მოხდა, რადგან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის არმიის უფროსი, ვალერი გერასიმოვი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ.

ანგარიშში წერია, რომ პრიგოჟინის მკვლელობა აჯანყების დაწყებიდან ზუსტად 2 თვეში მოხდა, ამიტომ ეჭვი იმის შესახებ, რომ 23 აგვისტოს პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება შემთხვევითი იყო, ნაკლებად სავარაუდოა.

კრემლის საინფორმაციო გამოცემა 23 აგვისტოს იტყობინებოდა, რომ პუტინმა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაური სერგეი სუროვიკინი ოფიციალურად გაათავისუფლა და მის ნაცვლად გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა.

ISW-ის შეფასებით, რუსულ მედიაში სუროვიკინის თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალური დადასტურება და პრიგოჟინის მკვლელობა, სავარაუდოდ, შემთხვევითი არ არის. კრემლი, ორივე ნაბიჯით საჯარო სასჯელის მკაფიო გზავნილის გაკეთებას ცდილობს, რითაც იმის თქმა სურს, რომ მათ, ვინც 24 ივნისის აჯანყებაში მონაწილეობდნენ, ჩადენილზე პასუხი აგეს.  

ISW-ის აზრით, ბრძანება პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რომელიც დიდი ალბათობით პუტინმა გასცა, სავარაუდოდ, დომინირების აღდგენისა და შურისძიების საჯარო მცდელობაა იმ დამცირებისთვის, რომელიც ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებულმა ამბოხებამ პუტინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 24 ივნისს მიაყენა.

კომენტარები