გენერალი სერგეი სუროვიკინი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაციას მედუზა ეხო მასკვის ყოფილ მთავარ რედაქტორზე, ალექსეი ვენედიქტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ სუროვიკინი დარჩება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. დოკუმენტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.
სუროვიკინი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალებს 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე კი უკრაინაში რუსული ჯარების დაჯგუფებას მეთაურობდა.
13 ივლისს The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში სამხედრო არეულობის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავა.
გამოცემის ცნობით, სირიაში წარმოებული დაბომბვის კამპანიების გამო გენერალ არმაგედონად ცნობილი სუროვიკინი მოსკოვში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა უშუალოდ დაკავების ცენტრში არ ამყოფებდნენ და გამომძიებლები ამბოხში მისი როლის გასარკვევად განმეორებით დაკითხვებს უწყობდენ. გენერლისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა, თუმცა უშუალოდ ამბოხში ჩართული არ ყოფილა და სავარაუდოდ მას შემდეგ გაათავისუფლებდნენ, რაც პუტინი ამბოხის შედეგების გამკლავების გზებს იპოვიდა.