პრიგოჟინის მკვლელობა

პუტინმა პრიგოჟინი ნიჭიერ ბიზნესმენად მოიხსენია და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Sputnik/Gavriil Grigorov/Kremlin

პუტინმა პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით პირველი კომენტარი სატელევიზიო მიმართვის საშუალებით გააკეთა, სადაც მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, პრიგოჟინთან დიდხნიან ურთიერთობას გაუსვა ხაზი და ის ნიჭიერ ბიზნესმენად და თანამებრძოლად მოიხსენია. 

პუტინმა მიმართვა მისამძიმრებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის შესახებ მხოლოდ დღეს, 24 აგვისტოს დილას შეიტყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინთან ერთად იყო მისი მარჯვენა ხელი დიმიტრი უტკინი, ვაგნერის ხუთი სხვა წევრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

მოსამძიმრების მოუხედავად, პუტინს დაზუსტებით არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა ბორტზე და ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა მხოლოდ ირიბად დაადასტურა, თუმცა, მასზე საუბრისას მან წარსული დრო არაერთხელ გამოიყენა.

"პირველადი მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ბორტზე ვაგნერის კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინის ნეონაცისტურ რეჟიმთან ბრძოლის ჩვენთვის საერთო საქმეში. ჩვენ გვახსოვს და ვიცით ეს და ამას არ დავივიწყებთ". - ამბობს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი, პრიგოჟინზე საუბრისას, რომელიც ხშირად "პუტინის მზარეულად" მოიხსენიებოდა, ამბობს, რომ "ის რთული ბედის მქონე ადამიანი იყო და მან სერიოზული შეცდომები დაუშვა ცხოვრებაში".

პუტინი ამატებს, რომ მისი ინფორმაციით, პრიგოჟინი "მხოლოდ გუშინ [23 აგვისტოს] დაბრუნდა აფრიკიდან, სადაც ის გარკვეულ ოფიციალურ პირებს შეხვდა".

ბოლო დღეებში, ვარაუდობენ, რომ ვაგნერის ბოსი დასავლეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სადაც, დასავლეთის ვარაუდით, შესაძლოა ჯგუფის სახელით წვდომის გაფართოებას ცდილობდა რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის, განსაკუთრებით, ნიგერში, სადაც ახლახან სამხედრო გადატრიალება მოხდა. ზოგადად, ვაგნერი რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენად არის აღქმული, რომლის ძალები ეხმარებიან მთავრობებს სირიაში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ლიბიაში, მომგებიანი უფლებების სანაცვლოდ.

პუტინის მითითებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მის დასასრულებლად საკმაოდ დიდი დრო იქნება საჭირო.


23 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მოქირავნეთა სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ, ტვერის ოლქში გაურკვეველ ვითარებებში ჩამოვარდა. 

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ვარაუდობდნენ, რომ თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. არსებობს თეორია ბორტზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებითაც.

საინტერესოა, რომ რომ 2 თვისა და 2 კვირის წინ, მანამ, სანამ ევგენი პრიგოჟინი აჯანყებას წამოიწყებდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააჟღერა მუქარა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ რუს ოლიგარქს მიემართებოდა. 

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 23 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა, რომ პრიგოჟინის მკვლელობა პუტინის ბრძანების გარეშე მოხდა, რადგან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის არმიის უფროსი, ვალერი გერასიმოვი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ.

ISW-ის აზრით, ბრძანება პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რომელიც დიდი ალბათობით პუტინმა გასცა, სავარაუდოდ, დომინირების აღდგენისა და შურისძიების საჯარო მცდელობაა იმ დამცირებისთვის, რომელიც ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებულმა ამბოხებამ პუტინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 24 ივნისს მიაყენა.

კომენტარები