დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ჯორჯიის შტატში ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმის გირაოს თანხა $200 000-ს შეადგენს

REUTERS/Jonathan Ernst

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის 24 აგვისტოს ჯორჯიის ხელისუფლებას ჩაბარდება, რათა 2020 წლის არჩევნების შედეგის ცვლილების მცდელობისთვის ბრალი წარუდგინონ. მასთან ერთად ბრალდებულია მისი 18 მოკავშირე, მათ შორის ტრამპის თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი, მარკ მიდოუსი და ყოფილი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი. 

ატლანტაში მოსამართლემ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის საქმეს ზედამხედველობს, მას $200 000-იანი გირაო შეუფარდა. თანხიდან $80 000 ტრამპის მიერ არჩევნებში თაღლითობით RICO-ს, ანუ რეკეტისა და კორუმპირებული ორგანიზებული დანაშაულის აქტის დარღვევას მიემართება, ხოლო საქმეში განსახილველ 12 ფაქტზე სათითაოდ დამატებულია $10 000.

"გჯერათ? ხუთშაბათს წავალ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა დამაკავონ". - წერს ტრამპი სოციალურ მედიაში, მას შემდეგ, რაც მისი ადვოკატები ატლანტაში პროკურორებს შეხვდნენ, გირაოთი გათავისუფლების დეტალების განსახილველად. 

ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უილისის, ტრამპის დამცველებისა და მოსამართლის მიერ ხელმოწერილ გირაოს შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ტრამპი თავისუფალი გამოსაცდელი ვადით დარჩება, ხოლო ამ პეროდში მას მოწმეებთან, მსხვერლებთან ან თანაბრალდებულებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი, მათ შორის სოციალურ მედიის პოსტების საშუალებით კონტაქტი, ეკრძალება.

უელისის მიერ დაწესებული ვადების მიხედვით, ტრამპს ნებაყოფლობით საპატიმროში გამოცხადება 25 აგვისტომდე შეეძლო. პროკურორის შეთავაზებით, ბრალდებულებისთვის ერთობლივი სასამართლო პროცესები 5 სექტემბრის კვირაში გაგრძელდება.

მას შემდეგ რაც ტრამპი 24 აგვისტოს ფულტონის ოლქში გამოცხადდება, მას სტადარტული პროცედურის მიხედვით, ფოტოს გადაუღებენ და თითის ანაბეჭდებს აუღებენ, რის შემდეგაც ის გირაოს საფუძველზე სასამართლოს დატოვებს.

ეს ტრამპის მეოთხე დაპატიმრება იქნება მას შემდეგ, რაც აპრილში ის აშშ-ს ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ბრალი წარედგინა. ამის შემდეგ, ტრამპს, რომელიც რჩება რესპუბლიკელების საპრეზიდენტო ნომინაციის წამყვან კანდიდატად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იურისდიქციებში დაჯავშნისა და სასამართლო პროცესის გაუთავებელი პროცესებშია ჩართული. 

ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.  

კომენტარები