სტიქია შოვში

ბოკერია შოვზე: [ხელისუფლების] ყველაზე მთავარი პრობლემა არის არაანგარიშვალდებულების განცდა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, შოვში მომხდარ სტიქიაზე ხელისუფლების პროპაგანდა სამარცხვინოა და "ამ უტიფარ საქციელს ვერ გაამართლებს ვერცერთი ოპონენტის აბსურდული ბრალდება". ბოკერია ამბობს, რომ ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების სამარცხვინო ბუნებას.

"ხელისუფლებას აქვს პირველ რიგში პასუხისმგებლობა და როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ზოგიერთი ოპონენტის საქციელი, ეს არ არანაირად არ აბალანსებს ხელისუფლების მთავარ პასუხისმგებლობას. ისევ წარსულისკენ და წინა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა - შევარდნაძის კორუმპირებული ბიუროკრატიის გაუქმების დაგმობა ხელისუფლებაში ყოფნის მეთერთმეტე წელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა 5 წლის წინ გაიცა დაპირება, რომ 2-3 წელიწადში სრულფასოვანი მონიტორინგისა და რეაგირების სისტემა დაინერგებოდა, კალაძისა და შოთა არველაძის შედარების ამაზრზენი კამპანია, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ მატჩზე სტიქიამდე წავიდა და ძალიან კარგადაც მოიქცა, რომ იქ საქართველო წარმოადგინა. ყველაფერი ეს ერთად ხელისუფლების სამარცხვინო ბუნებას გვიჩვენებს კიდევ ერთხელ". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე.

გიგა ბოკერიას თქმით, სტიქიური უბედურებების დროს ყველა ქვეყანაში ჩნდება კითხვები ხელისუფლებების მიმართ და ამ შემთხვევაში, ზოგადად ქართული საზოგადოების რეაქცია სრულიად ადეკვატური იყო.

"ყველაზე მთავარი პრობლემა არის არაანგარიშვალდებულების განცდა, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ეს განცდა არ გააჩნია საზოგადოების წინაშე და ამ რეჟიმის მოდელი სწორედ ასეთია, ყოველთვის ამა თუ იმ ფორმით, ასეთ შედეგებს დებს და მსგავს უპასუხისმგებლობას აჩვენებს.

მე არ გახლავართ ექსპერტი, მაგრამ ვეყრდნობი იმ ადამიანებს, ვისი რეპუტაციაც ამ სფეროში ჩემთვის საკმარისია და ის, რაც უკვე ვიცით ყოველგვარი გამოძიების გარეშე, მინიმუმ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება უკვე მერამდენედ არ იყო მზად მსგავსი ტიპის სტიქიურ უბედურებაზე რეაგირებისთვის სხვადასხვა მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო ხელისუფლების მხრიდან სამაშველოს სამსახურის არასრულფასოვანი ტექნიკური აღჭურვაა. მთავარი მაინც არის უპასუხისმგებლობა, სრული არაანგარიშვალდებულობისა და უტიფრობის ზოგადი კლიმატი, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე". - თქვა ბოკერიამ.

ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 18 ცხედრიდან 14 იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას ონის მერი, სერგო ხიდეშელი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ კიდევ 16 დაკარგულს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები