სტიქია რაჭაში

ამ დროისთვის შოვში 16 ცხედარია ნაპოვნი – შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში ჯამში 16 ცხედარია ნაპოვნი.

"დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა.

[...] ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს, ცოცხლები და ჯანმრთელები არიან". – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 16 ცხედრიდან იდენტიფიცირებული მხოლოდ 7-ია.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები