აშშ-ს საელჩო საქართველოში შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს და დაკარგულთა დროულად პოვნას იმედოვნებს.
"ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის.
ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია". - წერია საელჩოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება. მისივე სიტყვებით, გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.
- რაჭაში სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ეძებენ – ფოტოები ადგილიდან
- მოქალაქე: შოვში ცოლი და 3 შვილი მყავს ჩარჩენილი, აღარ გამოდიან კონტაქტზე, რამე ქენით
- მოქალაქე: შვილთან და სამ შვილიშვილთან კონტაქტი არ მაქვს, არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა
შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.