ოლიმპიური თამაშები

რუსეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობამ, შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობა დააჩქაროს – სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო / Facebook

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სამშაბათს, 25 ივლისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, ნგ სერ მიანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობამ უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეიძლება ხელი შეუწყოს.

უნგრეთის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, მან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, სპორტი მშვიდობის იარაღი ყოფილიყო, ხოლო სპორტი და გეოპოლიტიკა მკვეთრად გამიჯნულიყო. 

"ოლიმპიადა არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკას, არამედ სპორტსა და სპორტსმენებს, ოლიმპიადას აქვს ნამდვილი სამშვიდობო მისია". - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სიიარტო სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს 1984 წელს, როდესაც ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე კომუნისტური ბოიკოტის გამო უნგრეთის ნაკრებმა მონაწილეობა ვერ შეძლო.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ ბუდაპეშტმა მანამდე ნება დართო უკრაინის ხელბურთის ქალთა გუნდს და ბელორუსის ფეხბურთის გუნდს, თავიანთ ტერიტორიაზე გაემართათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.

შეგახსენებთ, რომ თითქმის 30 ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის, საფრანგეთმა, რომელიც 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანაა, მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ დაუშვას

გარდა ამისა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, რუს სპორტსმენებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მათ შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

კომენტარები