ოლიმპიური თამაშები

ევროპის 5-მა ქვეყანამ რუსებისა და ბელარუსების საერთაშორისო ოლიმპიადაზე არდაშვება მოითხოვა

Benoit Tessier/Reuters

უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მოუწოდებენ, არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობა.

უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 28-30 მარტს IOC-ის აღმასრულებელ კომიტეტისადმი ერთობლივ მიმართვაში სინანულს გამოხატავენ იმის გამო, რომ IOC არადისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მხოლოდ სპორტსმენების ეროვნების საფუძველზე ინარჩუნებს.  

გარდა ამისა, ისინი წუხილს გამოხატავენ იმის გამო, რომ IOC-მა გამოიყენა ეს შეშფოთება, როგორც საბაბი, რათა რადიკალურად შეეცვალა თავისი წინა არგუმენტირებული პოზიცია რეკომენდაციის შესახებ, არ მოეწვია ან არ დაეშვა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების და ოფიციალური პირების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში.

"ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სპორტსმენების ეროვნება კი არ განსაზღვრავს მათ როლს, არამედ ის ფაქტი, რომ მათ აფინანსებენ/ეხმარებიან მთავრობები ან ბიზნესები, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის რეჟიმს, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ან თუნდაც ისინი პირდაპირ რუს სამხედროებთან არიან დაკავშირებულნი". - აღნიშნავენ განცხადების ხელმომწერები.

ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინაში აგრძელებს ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანას, რომელთაგან ზოგიერთი სპორტული ობიექტია. ამასთან, ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ პუტინის რეჟიმი კლავს უკრაინელებს, მათ შორის უკრაინელ სპორტსმენებს.

მანამდე ლიტვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსებსა და ბელარუსებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ 35 ქვეყნისგან შემდგარმა ჯგუფმა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ, ერთხმად მოითხოვა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაზე არდაშვება. ამის შესახებ პარასკევს, 10 თებერვალს ლიტვის სპორტის მინისტრმა იურგიტა სიუგზდინიენმა ისაუბრა

"ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ბოიკოტი არ დაგვჭირდეს, რადგან ყველა ქვეყანა ერთსულოვანია". – თქვა სიუგზდინიენმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის მინისტრებისგან შემდგარ ონლაინ შეხვედრაში, რომლის მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების აკრძალვისკენ მოწოდება იყო. 

შეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა.

"თუ არსებობს ოლიმპიური სპორტი მკვლელობებით და სარაკეტო დარტყმებით, თქვენ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებს პირველ ადგილს". – უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა მინისტრებს.

კომენტარები