რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"თქვენი ნაკურთხი რაკეტა პირდაპირ საკურთხეველს მოხვდა" – ოდესის მთავარეპისკოპოსი კირილს

ოდესის ფერიცვალების ტაძარი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ოდესის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს ფერიცვალების ეკლესიაში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.

წერილში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ომის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა. წერილი ტაძრის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.

"თქვენს ქადაგებებში არაერთხელ გისაუბრიათ "წმიდა რუსეთის" ერთიანობაზე, რომელსაც თქვენი კურთხევითა და საქმით სრულად ანადგურებთ. ასევე გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ სწორედ პირადად თქვენი კურთხევით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დღეს სჩადიან უსაქციელობასა და გაცხადებულ ომს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე... შეწყვიტეთ სისხლისღვრა! თქვენი ეპისკოპოსები და მღვდლები აკურთხებენ ტანკებსა და რაკეტებს, რომლებიც ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ.

დღეს, როდესაც მე მოვედი კომენდანტის საათის დასრულების დროს ოდესის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში, ვიხილე, რომ თქვენ მიერ "დალოცვილი" რუსეთის ფედერაციის რაკეტა პირდაპირ წმიდათა წმიდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ დიდი ხანია, რაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენს აზროვნებასთან საერთო უკვე აღარაფერი აქვს. პირადი ამბიციების გამო, თქვენ დაკარგეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა ეკლესიები "წმიდა რუსეთის" ქვეყნებში!". – წერია მთავარეპისკოპოსის წერილში. 

ამას გარდა, ოდესის მთავარეპისკოპოსი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს მოუწოდებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორდნენ.

"მოვითხოვთ ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს! ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიერ არის არჩეული. გულწრფელად გთხოვთ – შეჩერდით. ყოველი რაკეტა, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე ეცემა, მისი მცხოვრებთათვის მიიღება, როგორც თქვენი "კურთხევა" შვილების მიმართ". – წერს მთავარეპისკოპოსი ვიქტორი.

აღსანიშნავია, რომ წერილი დაწერა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა და არა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელმაც ავტოკეფალია 2019 წელს მიიღო.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ოდესის ფერიცვალების ტაძრის რაკეტით განადგურებასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი გაუკეთებიათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ქალაქზე ღამე იერიში მიიტანეს, თუმცა მათი სამიზნე ეკლესია არ ყოფილა.

23 ივლისის დადგომასთან ერთად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქის მიმართულებით სხვასხვა ტიპის 19 რაკეტა ისროლეს. უკრაინის ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვამ 9 მათგანი ჩამოაგდო. დაიღუპა 1 ადამიანი, 20 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი.

ფერიცვალების ტაძარი ოდესაში უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესიაა. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება. ტაძარი 1795 წელს აშენდა. საბჭოთა მმართველობის დროს ის დახურეს, 1936 წელს კი დაანგრიეს. 2000-იანების დასაწყისში ის ძველ ადგილზე აღადგინეს. 2010 წელს რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტაძარი პირადად აკურთხა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაისში კიევში გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება. რუსეთის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა გამოცხადდა. თუმცა ამ ეკლესიას ავტოკეფალია არ მოუთხოვია. ამას გარდა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოიხატა აზრთა სხვადასხვაობა პატრიარქი კირილის პოზიციების მიმართ. 

კომენტარები