რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას მომავალ 10 წელში შრომის ბაზარზე 4.5 მილიონი ადამიანის მოზიდვა მოუწევს

ირპინი, უკრაინა

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მომდევნო 10 წელში, ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის უკრაინას შრომის ბაზარზე 4.5 მილიონი კადრის მოზიდვა მოუწევს

სამინისტროს განმარტებით, ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე უკრაინა მუშახელის დეფიციტს განიცდიდა. თუმცა, ომის ფონზე ქვეყანა 6 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა და შრომის ბაზარზე მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა.

"შრომის ბაზრის აღდგენა არ იქნება გამარჯვება, ეს მხოლოდ გამარჯვებისკენ მიმავალი გზაა. რაც უფრო უახლოვდება ქვეყანა სოციალური აღდგენის ომისშემდგომ ეპოქას, შრომაზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ყველაფერზე უკრაინა კონსულტაციებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა (IOM) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) გადის. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საუბარია, უკრაინაში, ახალი ეკონომიკური რეალობის ფონზე შრომის ბაზრის განახლებაზე.

"დროა, საფუძველი ჩავუყაროთ განახლებულ შრომის ბაზარს, რომელიც ადამიანებს მათი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენების საშუალებას მისცემს და ახალ ეკონომიკურ რეალობას, ღირსეულ სამუშაოსა და დაცულ გარემოს შესთავაზებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას ამ მიმართულებით". - აღნიშნავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეროვნული კოორდინატორი სერგეი სავჩუკი.

კომენტარები