რუსეთი

რუსი სექსოლოგები პაციენტებს ჰომოსექსუალობისა და სხვა "აშლილობების" "დაძლევაში" დაეხმარებიან

სანქტ-პეტერბურგის პრაიდი. 2019 წლის 3 აგვისტო
REUTERS/Anton Vaganov/File Photo

კრემლის მიერ "არატრადიციული ცხოვრების წესის" წინააღმდეგ მიღებული კიდევ ერთი ბრძანების თანახმად, მალე რუსეთის კლინიკებში გამოჩნდებიან სექსოლოგები, რომლებიც პაციენტებს ჰომოსექსუალობისა და სხვა "ფსიქიკური აშლილობების" "დაძლევაში" დაეხმარებიან. ბრძანება ძალაში 1 ივლისს შევა.

"ასეთი სპეციალისტების დახმარება აუცილებელია, თუ ადამიანს სურს გამოჯანმრთელდეს ფრიგიდულობის, იმპოტენციის ან სექსუალური ქცევის ისეთი დარღვევებისგან, როგორიცაა ფეტიშიზმი, მაზოხიზმი და სადიზმი". - ნათქვამია რუსეთის პარლამენტის ოფიციალურ გაზეთში.

პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სპეციალისტები პაციენტებს "ავტოეროტიზმის, ჰომოსექსუალიზმისა და ზოოფილიის მსგავსი არასტანდარტული პრეფერენციების" გამკლავებაშიც დაეხმარებიან.

გარდა ამისა, ახალი ბრძანების თანახმად, სექსოლოგები დაქორწინებულ წყვილებს "სექსუალური ჰარმონიის მიღწევაში", მშობლებს კი შვილებისთვის სექსუალური განათლების მიცემაში დაეხმარებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური აშლილობების სიიდან 1990 წელს ამოიღო. რუსეთმა ეს ნაბიჯი 1999 წელს გადადგა.

რუსეთში LGBT+ საზოგადოება ვლადიმირ პუტინისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წამოწყებული "ტრადიციული ღირებულებების" კამპანიის გავლენით უკვე ათწლეულია მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ივნისის დასაწყისში რუსეთის დუმამ გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონსაც დაუჭირა მხარი.

კომენტარები