საქართველო-რუსეთი

ზურაბიშვილი: საჭიროა საქართველოში რუსების შემოდინების პროცესის გაკონტროლება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე საქართველოსთვის წარმოქმნილ გამოწვევებზე. ზურაბიშვილის თქმით, მთავარი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება არის რუსული რბილი ძალა და ამრიგად, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პროცესის მკაცრად გაკონტროლება.

"ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ არსებობს სტრესი სამხედრო თვალსაზრისით, რადგან პირველ რიგში, ჩვენთან არის სამხედრო ოკუპაცია, რაც მიმდინარეობს 2008 წლიდან და მანამდეც, სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან მოყოლებული. ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ, იმის თქმა, რომ გვეშინია სამხედრო ოკუპაციის ეს, არ ნიშნავს ბევრს. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის "რბილი ძალის"  მეორე ფრონტს, რაც არის პროპაგანდა. ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, რომ საჭიროა, ამის გაკონტროლება. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუარ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საგანი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. მე არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში".– თქვა ზურაბიშვილმა.

23 ივნისს რუსეთში განვითარებული არეულობის ფონზე გერმანული გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაყიდულია. 

მანამდე, პირველ ივნისს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

 

კომენტარები