პრიგოჟინის ამბოხება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მითი ერთიანი რუსეთის შესახებ დაინგრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი
REUTERS

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, ევგენი პრიგოჟინის მიერ გამოწვეულმა სამხედრო არეულობამ რუსეთში დაამსხვრია მითი ერთიანი რუსეთის შესახებ.

"ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის ძალების მცდელობამ, მოეწყოთ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა პუტინის ერთიანი რუსეთის მითი, აჩვენა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სისუსტე". - თქვა ტაიანმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ პუტინის ეპოქა რუსეთში ვაგნერელების შეტევამ დაასრულა.
 
"შიდა დაძაბულობა რუსეთის სამხედრო ძალებს შლის. ეს გარდაუვალი შედეგია, როდესაც დაქირავებულ ლეგიონს მხარს უჭერ და აფინანსებ". - ამბობს ტაიანი.

გარდა ამისა, ტაიანის აზრით, უკანასკნელმა მოვლენებმა შეასუსტა რუსეთის პოზიციები უკრაინის წინააღმდეგ ომში. 

"ერთი რამ ცხადია: დღეს რუსული ფრონტი გუშინდელზე სუსტია. ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს უკრაინაში. პუტინს უკრაინაში შეჭრა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა - რუსებმა ვერ გაიმარჯვეს, ვერ მოაწყვეს ბლიცკრიგი. ახლა ისინი სამხედრო ძალების პრობლემებისა და აჯანყებების საფასურს იხდიან". - დასძინა მან.

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმა დაანონსა. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს. 

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია". გასულ ორ დღეში ვაგნერის ძალებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

სიტუაციის დეესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, იგი ბელარუსში გაემგზავრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება. დღეს, 25 ივნისს ვაგნერმა ჯარების რუსეთის სამხრეთ ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებიდან გაყვანა დაიწყო.

კომენტარები