სოციალურ ქსელებსა და მედიებში ვრცელდება ინფორმაცია და კადრები, რომ დონის როსტოვში ადმინისტრაციული შენობები ვაგნერელებს ალყაში აქვთ მოქცეული.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკები, რომელთა ლულებიც ადმინისტრაციული შენობისკენაა მიმართული. ჩანან სამხედროებიც, რომლებიც შენობების გარშემო გადაადგილდებიან და ობიექტს უმიზნებენ.
როგორც ადგილობრივი მედია, 161.ru წერს, გაურკვეველ ჯარისკაცებს ალყაში აქვთ მოქცეული არამხოლოდ სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ), როსტოვის ადმინისტრაციისა და პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობები.
როსტოვის გუბერნატორი, ვასილი გოლუბიოვი მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.
ამას გარდა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის ხმა ისმის ვორონეჟის რაიონში.
23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.
"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".
პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.