რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალმა რუსული აქტივების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებაზე მთავრობის ხედვა გამოაქვეყნა

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ში უკრაინის აღდგენის მთავრობის ხედვა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია გაყინული რუსული აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებაზე

შმიგალმა აღნისნა, რომ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები არ უნდა დაუბრუნდეს რუსეთს, რადგან ეს იქნება უზარმაზარი უსამართლობა უკრაინის მიმართ და შემდგომი აგრესიის შესაძლო დაფინანსება. 

"რუსეთის ფინანსები უნდა გახდეს აღდგენის მთავარი წყარო. ის არ უნდა დაფინანსდეს უკრაინელების, პარტნიორი სახელმწიფოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. უნდა გადაიხადოს რუსეთმა - ეს იქნება ლოგიკური და სამართლიანი". - წერს შმიგალი.

შმიგალის განმარტებით, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მაგალითად, გაერომ მიიღო ისტორიული რეზოლუცია საერთაშორისო მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინის ზარალის კომპენსაციას უზრუნველყოფს. 

შმიგალმა ოთხი შემდგომი ნაბიჯი გამოყო. პირველ რიგში, უნდა შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც განსაზღვრავს კომპენსაციას მოქალაქეებისთვის რეესტრში მონაცემების საფუძველზე. მეორე, მოკავშირეებმა უნდა შეცვალონ ქვეყნის კანონმდებლობა, რათა დაუშვან რუსული გაყინული აქტივების უკრაინაში გადატანა. მესამე, უნდა შეიქმნას საკომპენსაციო ფონდი, რომელშიც თანხა შეგროვდება. და ბოლოს რუსული ქონების კონფისკაციების პრაქტიკულად განხორციელება.

21 ივნისს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია (Ukraine Recovery Conference) იწყება, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაუძღვება და რომლის მიზანიც ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებაა

კონფერენციას ესწრებიან უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები. ასევე, 38 სახელმწიფოს 400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები. კონფერენციაზე ვირტუალურად ჩაერთვება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც უცხოელ დიპლომატებსა და მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართავს. 

კონფერენცია დღეს, 21 ივნისს დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება.

კომენტარები