რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უფრო მეტ იარაღს მიაწვდის

Korean Central News Agency/Korea News Service via AP, File

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ პირობის დადების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უფრო მეტ იარაღს მიაწვდის.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ მიუხედავად ფხენიანის უარყოფისა, შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ 2022 წლის ნოემბერში ვაგნერის ჯგუფისათვის შეიარაღების მიწოდება დაადასტურა.

“შეშფოთებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთს უფრო მეტი სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს”. - დასძინა მან.

მანამდე, მარტის ბოლოს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვას სურსათის სანაცვლოდ გეგმავდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო KCNA-ს ცნობით, 12 ივნისს კიმმა პუტინს რუსეთის ეროვნული დღე მიულოცა და თქვა, რომ მასთან სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.

ჩრდილოეთ კორეა კრემლთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს, რაც უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერაშიც გამოიხატება.

კომენტარები