2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ჰეილი: უკრაინის დაკარგვამ, შესაძლოა, მსოფლიო ომი გამოიწვიოს

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა და გაეროში ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დაკარგვამ, შესაძლოა, მსოფლიო ომი გამოიწვიოს, ამიტომ საკუთარ პარტნიორებს მოუწოდა, გააგრძელონ კიევისთვის შესაბამისი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება.

"ეს [ომი უკრაინაში] უკრაინაზე დიდია. ეს არის ომი თავისუფლებისთვის და ის უნდა მოვიგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის გამარჯვება ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა, რადგან ტირანები ზუსტად გვეუბნებიან, რის გაკეთებას აპირებენ". - თქვა ჰეილიმ CNN-თან ინტერვიუში.


2011-2017 წლებში ნიკი ჰეილი სამხრეთ კაროლინის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. ჰეილი შტატის ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი იყო.  2017 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის გაეროში აშშ-ს ელჩად დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა ჰეილიმ 2018 წლის დეკემბერში დატოვა.


რესპუბლიკურ პარტიაში პრაიმერის რამდენიმე სხვა კანდიდატმაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობისას "ომს 24 საათში დაასრულებდა".  

ფლორიდის გუბერნატორმა და ტრამპის მთავარმა კონკურენტმა, რონ დესანტისმა კი აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დამატებით აქტიურობა აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის. 

Real Clear Politics-ის გამოკითხვის საშუალო მაჩვენებელი აჩვენებს, რომ ტრამპი ლიდერობს 53.2 მხარდაჭერით, რასაც მოჰყვება ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი 22.4%-ით. ჰეილი 4.4%-ით მესამე ადგილზეა. 

ნიკი ჰეილის, დონალდ ტრამპისა და რონ დესანტისის გარდა, პრეზიდენტობისთვის ბიზნესმენი, ვივეკ რამასვაიმი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, ასა ჰაჩინსონი იბრძვის. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ რბოლას კიდევ რამდენიმე კანდიდატი გაზაფხულზე შეუერთდება.

როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?

კომენტარები