რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დესანტისი: უკრაინა-რუსეთის დავაში დამატებით გადახლართვა აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესი არ არის

რონ დესანტისი
abcnew

ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში დამატებით აქტიურობა აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა ამის შესახებ Fox News-ის მიერ სპეციალურად შექმნილ კითხვარზე პასუხის გაცემისას ისაუბრა. 

"მაშინ, როდესაც აშშ-ს ბევრი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი აქვს: ჩვენი საზღვრების დაცვა, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში არსებული მზადყოფნის კრიზისის მოგვარება, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა, ასევე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძალების შემოწმება, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში დამატებით გადახლართვა ერთ-ერთი მათგანი არ არის". – თქვა დესანტისმა. 

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპიბლიკური პარტიის კიდევ ერთმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპა, იმავე კითხვაზე უპასუხა, რომ ეს არა აშშ-ს, არამედ ევროპის სასიცოცხლო ინტერესებშია და აღნიშნა, რომ ევროპა ან თანაბარ თანხას უნდა იხდიდეს, ან იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე აშშ. 

კითხვაზე, თუ რა არის აშშ-ს მიზანი უკრაინაში, დესანტისმა უპასუხა, რომ მთავარი მიზანი მშვიდობის დამყარებაა და აშშ-მ არ უნდა დაუშვას, რომ აღნიშნული კონფლიქტი მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ ძალას შორის დაპირისპირებად გადაიქცეს.

"ყველანაირი კითხვის გარეშე, მშვიდობა უნდა იყოს მიზანი. აშშ-მ არ უნდა გადასცეს ისეთი იარაღი, რომელიც მოითხოვს ამერიკელი ჯარისკაცების გადასროლას, ან საშუალებას მისცემს უკრაინას, თავდასხმით ოპერაციებში ჩაერთოს მის საზღვრებს მიღმა. შესაბამისად, F-16-ები და შორი მოქმედების რაკეტები არ უნდა განიხილებოდეს. ეს ქმედებები აშშ-ს კონფლიქტში ჩართვის რისკს შექმნის და უფრო დაგვაახლოებს ცხელ ომს მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ ძალას შორის. ეს რისკი მიუღებელია". – ამბობს დესანტისი. 

ტრამპის თქმით, აშშ-ს მიზანია ევროპის უსაფრთხოების დაცვაში დახმარება, თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა საკუთარ თავს არ ეხმარება. 

2022 წლის ნოემბერში, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთვის იბრძოდა

ჯერჯერობით, რესპიბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად სამმა კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ და ენტერპრენერმა და მწერალმა, ვივეკ რამასვამიმ დაიწყო. 

მოსალოდნელია, რომ საკუთარ კანდიდატურას ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისიც მალევე წარადგენს, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა და ტრამპის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიიჩნევა.

კვლევების მიხედვით, ნიკი ჰეილის კანდიდატურა მასსა და დესანტის შორის ხმებს გაყოფს, რითიც დონალდ ტრამპი ისარგებლებს და პრაიმერში გამარჯვებას მოიპოვებს.

მანამდე, Yahoo News/YouGov-ის კვლევები ვარაუდობდნენ, რომ დესანტისი მხოლოდ ტრამპთან დაპირისპირებისას 45-დან 41%-მდე მიიღებდა. ეს მაჩვენებელი იზრდებოდა, ტრამპის მხრიდან დესანტისზე თავდასხმების ფონზე.

თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილილი გახდა, რომ ჰეილი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს, კვლევის შედეგები შეიცვალა. Yahoo-ს მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ჰიპოთეტურ სამმხრივ დაპირპირებაში ჰეილი 11%-ს მიიღებს, ხოლო დესანტისის მხარდაჭერთა რაოდენობა 35%-მდე შემცირდება, შედეგად ტრამპს ორივეზე მეტი ხმა რჩება.

2016 წელს, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის პირველი კენჭისყრისას პირველ რაუნდში მას 17 კანდიდატი უპირისპირდებოდა. ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაცია ხმათა უმრავლესობის მიღების გარეშე მოიპოვა.

კომენტარები