ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის რექტორი R2-ის სიუჟეტზე: მოსამზადებელი ფაზა იყო უნივერსიტეტის დაზიანებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე მის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, დობორჯგინიძეს ნასამართლეობაში, უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

დობორჯგინიძე ამბობს, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, არანაირი ფინანსური საფუძველი არ არსებობს და მიზანი მისი ფსიქოლოგიური განადგურება და უნივერსიტეტის დაზიანებაა.

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს ჩემი ერთადერთი დისშვილი დაიღუპა. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ, მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის, პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა. იმედი მაქვს, ისინი ამ ბინძურ სიუჟეტს ვერ/არ ნახავენ, თვალს აარიდებენ. პირადად მე ამის შეხსენება არ მჭირდება, მე ამაში ვცხოვრობ 2010 წლის აგვისტოდან ყოველ წამს.

დღევანდელი სიუჟეტით ბოლოს და ბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ. ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის. ეს ტრაგედიაც მაძლევს ძალას, ბევრად უფრო მეტზე ვიფიქრო, ვიდრე ჩემი საკუთარი პრობლემებია. რასაც დღეს ილიას უნივერსიტეტი აკეთებს, ის ყველას გვჭირდება, ქართულ საზოგადოებას სჭირდება და თუნდაც ასეთი არაადამიანური თავდასხმა ვერ შემიშლის ხელს, გავაგრძელო საქმიანობა, როგორც პროფესორმა და როგორც ამ უნივერსიტეტის რექტორმა". - წერს დობორჯგინიძე Facebook-ზე.

ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადმინისტრაციისგან ითხოვენ, რომ ფინანსური დოკუმენტაცია გაასაჯაროვონ და ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რაზე იხარჯება უნივერსიტეტის ბიუჯეტი. მათი განცხადებით, აინტერესებთ, 4 წლის განმავლობაში სად დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონი ლარი.

ისინი ასევე ამბობენ, რომ დობორჯგინიძემ დაადასტუროს ან უარყოს ის ფაქტი, რომ ის ნასამართლევია. მათი თქმით, თუ ეს ფაქტი მართალია, მაშინ მას არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რომ უნივერსიტეტს უხელმძღვანელოს. 

მათი თქმით, ეჭვი აქვთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მაღალი თანამდებობის პირებს დასაქმებულები ჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები. 

კომენტარები