ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზეწოლისას ტრაგედიის გამოყენება საბჭოთა მეთოდებს ჰგავს – სამეცნიერო საზოგადოება ილიაუნიზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერის წერილს აქვეყნებს. განცხადებაში ვკითხულოთ, რომ ორკესტრირებული კამპანია საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის პირადი ტრაგედიის გამოყენება საბჭოთა რეპრესიების დროს გამოყენებულ მეთოდებს ჰგავს. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

"რამდენიმე დღეა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ სხვადასხვა მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას, რომელსაც უნივერსიტეტმა არაერთხელ გასცა პასუხი. მიუხედავად ამისა, ბრალდებები გადაიზარდა უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეზე პირად თავდასხმაში.

პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა რეპრესიების დროს გამოყენებულ მეთოდებს, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან. ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებული კამპანია საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.

ჩვენ, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის მეცნიერები, უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ უნივერსიტეტსა და მის რექტორს".- ვკითხულობ განცხადებაში. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე კამპანიას განცხადებით გამოეხმაურა თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაციაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამპანიის მიზანი უნივერსიტეტის დისკრედიტაცია და ქართული ოცნების გავლენის ქვეშ მოქცევაა.

ორგანიზაციები ასევე წერენ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მისამართით განხორციელებულ ნეგატიურ კამპანიაში ჩართულები არიან მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი, ან მათ კონტროლს დაქვემდებარებული საინფორმაციო წყაროები.

2 ივნისს, რუსთავი 2-ის ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე, ნინო დობორჯგინიძეზე სიუჟეტი გავიდა, სადაც  ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, დობორჯგინიძეს ნასამართლეობაში, უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

დობორჯგინიძე სიუჟეტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, არანაირი ფინანსური საფუძველი არ არსებობს და მიზანი მისი ფსიქოლოგიური განადგურება და უნივერსიტეტის დაზიანებაა.

ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადმინისტრაციისგან ითხოვენ, რომ ფინანსური დოკუმენტაცია გაასაჯაროვონ და ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რაზე იხარჯება უნივერსიტეტის ბიუჯეტი. მათი განცხადებით, აინტერესებთ, 4 წლის განმავლობაში სად დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონი ლარი.

ისინი ასევე ითხოვენ, რომ დობორჯგინიძემ დაადასტუროს ან უარყოს ის ფაქტი, რომ ის ნასამართლევია. მათი თქმით, თუ ეს ფაქტი მართალია, მაშინ მას არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რომ უნივერსიტეტს უხელმძღვანელოს.

 

 

კომენტარები