კულტურის სამინისტრო

სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ეკა კიკნაძის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო. პროცესი 29 მაისს გაიმართა. კიკნაძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი მუზეუმიდან საბოლოოდ გათავისუფლების შესახებ.

"მთავარი არის, რომ დაკმაყოფილდა პირველი ნაწილი, რომელიც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ეს არის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაყვანა. ეს მიიჩნია სასამართლომ უკანონოდ. რაც შეეხება მეორე ნაწილს და ზოგადად ბრძოლას, ის გრძელდება. მხოლოდ პირველი ინსტანცია დამთავრდა.

მეორე ნაწილი არის უკვე სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც ჩამოქვეითებას რამდენიმე თვეში მოჰყვა, ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა სასამართლომ. თუმცა მეც და ჩემი კოლეგებიც გავალთ ბოლომდე ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ჩვენ ვებრძვით ძალიან დიდ უსამართლობას. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი სამსახურისთვის, არამედ ჩვენი საქმისთვის". – თქვა კიკნაძემ.

კიკნაძე მუზეუმის ხელმძღვანელის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე 2021 წლის ივლისში ჩამოაქვეითეს, ხოლო 2022 წლის იანვარში მუზეუმიდან გაათავისუფლეს.

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: რა და რატომ ხდება ხელოვნების მუზეუმის თავს

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები