ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ლაბორანტის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე ლაბორანტის პოზიციაზე დაქვეითების შემდეგ, დაწესებულებიდან საბოლოოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ კიკნაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ადმინისტრაციიდან არც შეტყობინება და არც ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია და გათავისუფლების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ნახევარი თვის ხელფასი ჩაურიცხეს.

"ამასობაში, წულუკიანის ადმინისტრაციამ, ლაბორანტადაც აღარ გვინდიხარო. თურმე, ორ კვირაზე მეტია, გათავისუფლებული ვარ, სხვა თანამშრომლებთან ერთად. თუმცა, არც შეტყობინებით შეუწუხებიათ თავი, არც ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნით. პირდაპირ ნახევარი თვის ხელფასის ჩარიცხვით გამაგებინეს. პ.ს. დოჩანაშვილი მაინც თუ წაიკითხეს ნეტა....". - წერს ეკა კიკნაძე ფეისბუქზე.

გასული წლის ივლისში ეკა კიკნაძე სამინისტროს ბრძანების თანახმად მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე ჩამოაქვეითეს.

2021 წლის 4 ივლისს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზად შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობა დაასახელეს. მას შემდეგ, მუზეუმის არაერთი თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

კომენტარები